Wednesday, June 24, 2015

დეცეფცია ანუ დაშვებული თამასის პარადოქსი

ალბათ ასეთი სურათი უკანასნკელ ხანს ხშირად შეგინიშნავთ: ადამიანი დინჯად მიუყვება ქუჩას, თან მზესუმზირას აკნატუნებს. სეირნობის პროცესში ეკლესიას შენიშნავს, ჩერდება, პირჯვარს იწერს, შეიძლება წელშიც მოიხაროს, მაგრამ მეორე ხელით კნატუნს განაგრძობს. ასეთებსაც ნახავთ, მანქანის საჭესთან მსხდომნი ეკლესიის დანახვისას ოდნავ რომ ანელებენ სვლას, რათა პირჯვარი გადაიწერონ. მსგავს ადამიანებს შეხვდებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სოფლის გზაზე, ოფისში, რესტორანში, ერთი სიტყვით ყველგან, საიდანაც ტაძრის ნაწილი მაინც მოჩანს. ამ ადამიანთა უმეტესობა ყოველდღიური ვალის მოხდის დროს პარალელურად სხვა საქმით არის დაკავებული: ნახსენები კნატუნი ან საუბარი თანამგზავრთან ფრიად პოპულარულია, ასევე მუსიკის მოსმენა, საუბარი მობილურით და სხვა. ეს ისე კეთდება, სხვათა შორის, ჩათვლასავით. თუ ეს გაკეთდა, ე.ი. კარგი დღე გარანტირებულია.

მსგავსი მაგალითი სხვაც მრავლად გვაქვს. მომიტევებს მკითხველი, მაგრამ ის  პრაქტიკა უნდა ვახსენო, ფრიად პოპულარული რომ არის მდედრობითი სქესის გარკვეულ ნაწილში, კერძოდ კი ქალწულობის ე.წ. აღდგენა. არც ხელისუფლება უნდა გამოგვრჩეს (არა რომელიმე კონკრეტული), სახლებს რომ ფასადებს უღებავს და უკანა მხარეს ისევე ტოვებს ან ახალ ინდუსტრიულ ობიექტებს ხსნის ბანერების ფონზე, ან კიდევ ოპონენტს საჯაროდ ეკამათება, კულუარებში კი გარიგებაზე მიდის და მასთან ერთად ქეიფობს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ნიღბის მორგება, სხვისი გაცურება, გაბიაბრუება. ლათინურად ამ მოვლენას დეცეფცია ეწოდება.

ასეთებიც არსებობენ, ყალბი საბუთებით (ძირითადად, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებით) რომ ცდილობენ ფონს გასვლას და ისინი, ვინც ასეთ საბუთებს გასცემს; კიდევ ისეთები, ოლიგარქთა შესაფერისი მანქანებით რომ გადაადგილდებიან, ანაფორებითა და წვერით შემოსილები.

ჩვენ ვატყუებთ ერთმანეთს: ცოლი ატყუებს ქმარს, დასაქმებული - დამსაქმებელს, ხელისუფლება - მოსახლეობას, მოსახლეობა - ხელისუფლებას, ადამიანი სხვა ადამიანს, თანამშრომელს, ნათესავს, მეზობელს, საკუთარ თავს... ღმერთს.

ეს თვალშისაცემია ყოველდღიურობაში. შესაბამისად, ეს სოციალური მოვლენაა. ამდენად, ვთვლი საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს კითხვა: თუკი საზოგადოება ამდენად ჩაეფლო გაყალბების ყოველდღიურ მორევში, ხომ არ შეიძლება იგივე შეინიშნებოდეს ადამიანის მოღვაწეობის სხვა, სპეციფიურ სფეროებშიც?

საინტერესო იქნება იმ ასპარეზის განხილვა, რომლის წარმომადგენელთა მიღწევების რაოდენობრივი შეფასება გართულებული ან შეუძლებელია. მაგალითისათვის საინტერესო იქნება განვიხილოთ მდგომარეობა ხელოვნებაში.

აქ ასეთი რამ არის თვალშისაცემი: ხელოვნების სხვადასხვა სფეროთა წარმომადგენლები ერთმანეთს ხშირად მიმართავენ აღმატებულ ხარისხში. გაიგონებთ ასეთ შეფასებებს: „გენიალური“, „ლეგენდარული“, „უდიდესი“, „ფენომენალური“ და ა.შ. ეს მით უფრო თვალშისაცემია, რომ მაღალი კონკურენცია ერთი შეხედვით საპირისპიროს ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. მეორეს მხრივ, ჭეშმარიტი გენიოსი ას წელიწადში ერთხელ თუ ჩნდება. ამდენად, როდესაც მრავალ „გენიოსზეა“ საუბარი, საქმე სხვა მოვლენასთან უნდა გვქონდეს. შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ ეს ადრესანტთა უცოდინრობით არის გამოწვეული, მაგრამ მიმაჩნია, რომ მიზეზი უფრო ღრმად არის საძიებელი.

ოქსფორდის ლექსიკონი ასე განმარტავს გენიოსის ცნებას: „განსაკუთრებული ინტელექტუალური, შემოქმედებითი ან რაიმე სხვა სახის ბუნებრივი უნარი“. ლეონარდო, ნიუტონი, აინშტაინი საყოველთაოდ არიან მიჩნეული გენიოსებად. ვფიქრობ, სადაო არ უნდა იყოს საკითხი იმის შესახებ, რომ, სამწუხაროდ, მსგავს ფიგურებს, ჩანასახოვან სტადიაშიც კი, ჩვენს ქვეყანაში დღევანდელ დღეს ვერ ვხედავთ.

ცხადია, ჩემს მიერ ნახსენებ შემთხვევაშიც მინიშნება სწორედ განსაკუთრებულ თვისებებზე ხდება, თუმცა უსაფუძვლოდ. მაშ რატომ ხდება ეს?

ხომ არ გვაქვს აქაც საქმე რაიმე სახის დეცეფციასთან? რა ფარულ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს დითირამბების მღერა ერთმანეთისთვის? როდესაც დაქვემდებარებული აქებს და ადიდებს ზემდგომს, ყველასთვის ცხადია, რომ შემთხვევათა უმეტესობაში ეს ანგარებით ხდება. მაგრამ რა იწვევს იგივე ქმედებას სიტუაციაში, როდესაც სუბორდინაცია არ არსებობს? მწერალი - მწერალს, მომღერალი - მომღერალს, რეჟისორი - რეჟისორს, მწერალი - მომღერალს, პოეტი - რეჟისორს და ა.შ.

პირველ რიგში ამ მოვლენის მყისიერი ეფექტი განვიხილოთ. ამასთან დაკავშირებით ერთი მაგალითი მახსენდება: წლების წინ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ სპორტული ჟურნალისტის ვაკანსია გამოაცხადა. კანდიდატი ხუთი იყო, დაახლოებით თანაბარი ცოდნის მქონე პიროვნება, რომელთაგან არც ერთს არ ჰქონდა გამოცდილება სპორტულ ჟურნალისტიკაში. მეტიც, სპორტისგან საკმაოდ შორს იყო ხუთივე. ერთი მიიღეს. სულ მალე იგი სპორტის (არა რომელიმე ცალკეული სახეობის, არამედ ზოგადად სპორტის) გურუდ შერაცხეს. აქვე უნდა ვახსენო ეგრეთ წოდებული ექსპერტები, წინა და მოქმედი ხელისუფლების დროს სოკოებივით რომ იჩეკებოდნენ და იჩეკებიან. გუშინ ჟურნალისტი იყო, დღეს ექსპერტია; გუშინ თარჯიმანი იყო, დღეს ექსპერტია; გუშინ ჩინოვნიკი იყო, დღეს ექსპერტია და ა.შ. ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ მას ასე უწოდეს.

იგივე მოდელი მუშაობს ჩვენს შეთხვევაშიც: თუ მე ვიტყვი, რომ შენ გენიოსი ხარ, შენ იტყვი მასზე, რომ ის გენიოსია, ის იტყვის სხვაზე, რომ სხვა გენიოსია და ა.შ. და ამ ჯაჭვის უკანასკნელი რგოლი იტყვის ჩემზე, რომ მეც გენიოსი ვარ, ყველა გენიოსებად ვიქცევით, იმ პირობით, რომ ჯაჭვი უმრავლესობას მოიცავს. ჩვენ არ ვართ ასეთები, მაგრამ პარადოქსულად ჩვენ ასეთებად „ვიქცევით“. ხშირი გამეორებით საზოგადოება ამას ასე ხედავს.

მაშ ასე, ისინი ხოტბას ასხამენ ერთმანეთს. მავანი იტყვის: „მერე რა, გაერთონ, თუ ასეთი გულუბრყვილო გართობა სურთ.“ შევეცადოთ გავერკვიოთ, რამდენად გულუბრყვილოა ეს გართობა. ამისთვის უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან ეს ადამიანები ანუ დეცეფტანტები.

თუ კარგად დავუკვირდებით, შევნიშნავთ სამ ძირითად კატეგორიას: ა) ხანგრძლივი წარუმატებლობით დაქანცულებს; ბ) მათ, ვინც საკუთარი მდარე ტალანტი გააცნობიერა; გ) უპერსპექტივოებს ან ისეთებს, ვინც ასეთად თვლის თავს. ერთი სიტყვით, მათ შეიძლება ხელმოცარულები ვუწოდოთ. ამ ადამიანებს ერთი საერთო მახასიათებელი აქვთ: ყველა მათგანისთვის მოჩვენებითი წარმატება მეტს ნიშნავს, ვიდრე ნამდვილი.

ახლა ამ მოვლენის გრძელვადიანი ეფექტი განვიხილოთ. ამაში გასარკვევად გამოგვადგება მაგალითი სპორტის სფეროდან. იყო ასეთი ჭოკით მხტომელი - სერგეი ბუბკა, მსოფლიო რეკორდსმენი, მსოფლიოს არაერთგზის  და ოლიმპიური ჩემპიონი. იყვნენ სხვა დანარჩენები, ვისაც მისთვის კონკურენციის გაწევა არ შეეძლო. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ერთ-ერთი ასპარეზობის წინ ბუბკა სასტუმროს ნომერში ჩაკეტეს და მან ვერ შეძლო შეჯიბრში მონაწილეობის მიღება. ასპარეზობაზე ის მოხდება, რომ თამასას დაუშვებენ, რომლის გადალახვას უმეტესობა შეძლებს, რადგან რაც უფრო დაბლაა თამასა, მით მეტი გადალახავს მას. თუ თამასა მიწასთან ახლოს არის, მას ყველა გადალახავს. ამ ფაქტის გაცნობიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელმოცარულთათვის. როდესაც ისინი ერთიანდებიან (ერთმანეთისთვის პანეგირიკების მიძღვნა და აღმატებულ ხარისხში მიმართვა სწორედ გაერთიანების საშუალებაა), ეფექტი თვალშისაცემი ხდება. შედეგად იმას ვიღებთ, რომ საზოგადოების ფრიად დიდ ნაწილს, შესაძლოა უდიდესსაც, თამასა ზეაწეულად მოეჩვენება ანუ ეს დაშვებული წერტილი მოეჩვენება სარეკორდო სიმაღლედ (მისი გადამლახავები ხომ უკვე „გენიოსები“ არიან?!). ეს გახლავთ დაშვებული თამასის პარადოქსი. არ დაგვავიწყდეს, რომ იმ სფეროს შესახებ ვსაუბრობთ, რომელშიც რაოდენობრივი შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელია.

განხილვის საგანს დავუბრუნდეთ. დეცეფტანტები, ერთის მხრივ, „გენიოსებად“ იქცნენ, მეორეს მხრივ კი მათი ქმნილებები დაბალი სინჯისაა. შედეგად მივიღეთ დაშვებული თამასა - დაბალი სინჯის ქმნილებების ავტორი „გენიოსია“ (ბრჭყალების გარეშე მათთვის, ვინც ამ ლუკმას ყლაპავს და ინელებს).

რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ არ არსებობს ის, ვინც თამასას აწევს; მეორე: პუბლიკა მოგებულია, რადგან უკვე მარტივად ახერხებს „გენიოსის“ იდენტიფიცირებას, ის ექსპერტი ხდება, მას თავისი გმირი ჰყავს, რომლისაც ესმის, და ნაკლები ინტელექტუალური და სხვა რესურსის დახარჯვა სჭირდება მისი იდენტიფიცირებისთვის; მესამე: მოგებულია მოასპარეზეც, რადგან დაშვებული თამასის პირობებში ნაკლები ძალისხმევა სჭირდება წარმატების მისაღწევად.

დეცეფციის სარგებლის გაცნობიერებამ თამასის დაშვება გამოიწვია. სხვაგვარად მიზნის მიღწევას მეტი შრომა სჭირდებოდა, მაგრამ ჩვენ გამოსავალი ვიპოვეთ. ნაკლები შრომა და იგივე შედეგი, თუმცა მოჩვენებითი.

ერთმანეთისთვის პანეგირიკების მიძღვნა სრულყოფილი დეფეცფიისთვის საკმარისი არ არის. კიდევ რაღაც არის საჭირო. მშრალი ლუკმა ყველაზე დამშეულ საზოგადოებსააც კი ყელში ეჩხირება. აქ გამოდის რეგალიების როლი წინა პლანზე. ჩვენ რეგალიებისგან იმ ინდიელებივით ვინუსხებით, კოლუმბმა რომ სარკის ნატეხები ოქროში გადაუცვალა. ერთი ლუდის მხარშავი კომპანიაა თბილისში, იმდენი ჯილდო აქვს ოფისში, გაგაოცებთ. შემდეგ გაირკვა, თითოში ორმოცდაათი დოლარი ჰქონია გადახდილი. ერთ ავტორს ვიცნობ, დიდად ამაყობს, რომ მისი წიგნი ერთ-ერთი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია. როგორც შემდეგ გაირკვა, კონკურსი მისივე ორგანიზებული ყოფილა. მერე რა? ხომ შეუძლია თქვას, ჩემი წიგნი კონკურსის გამარჯვებულიაო?! ბრბოსთვის ესეც საკმარისია. ჯადოსნური წრე შეიკრა: ის მაძლევს ჯილდოს, მე ვაკრობ ჯილდოს პროდუქტს და ვაწვდი მომხმარებელს, რომელიც ჯილდოიან პროდუქტს სიხარულით იღებს (რეალურად ის ბრჭყვიალა სათამაშოს ყიდულობს ჯილდოს სახით და არა პროდუქტს, მაგრამ „გენიოსისგან“).

ჩვენ ვართ გენიოსები, რადგან ასე ვთვლით ყველა; ჩვენ გვაქვს ჯილდოები, ე.ი. ასე თვლიან მსაჯულები; ჩვენ გვყავს გულშემატკივრები და ასე თვლიან ისინიც. სინამდვილეში არაფერი არ ვართ და არაფერი არ გვაქვს. ყველაფერი სიცრუეა.

გაერთიანებული დეცეფტანტები დიდხანს ინარჩუნებენ ასეთ მდგომარეობას. ამას ორი მიზანი აქვს. პირველი: ისინი „გენიოსებად“ იქცნენ და ეს სტატუსი მუდმივად უნდა შეინარჩუნონ. მეორე და უმთავრესი: ხელმოცარულები სხვას, მას, ვისაც თამასის აწევა შეუძლია, სარბიელზე არ უშვებენ. ჭეშმარიტი ლიდერის გამოჩენა მათთვის დიდი საფრთხის შემცველია. ამიტომაც არის არტელად გაერთიანებულ ხელმოცარულთა გუნდი ამის წინააღმდეგი. მეთოდები არც თუ ახალია: სრული იგნორირება, არსად ხსენება ან ხსენება ნეგატიურ ჭრილში, ამ უკანასკნელის გააქტიურების შემთხვევაში კი ცილისწამება და ა.შ. შესაბამისად, ხშირად მომხდარა და ხდება ისე, რომ უკეთესს სხვა ასპარეზის ძიება უწევს ხოლმე, თუ ასეთი არსებობს. კიდევ ერთხელ მუშაობს უტყუარი ფორმულა - მეტი ამარცხებს ნაკლებს, ბევრი აუთსაიდერი ამარცხებს ჩემპიონს. ამ ფაქტის გაცნობიერების შემდეგ ჩნდება სასოწარმკვეთი კითხვა: არის გამოსავალი? შესაძლებელია სამართლიანობის აღდგენა? დიახ, არის და შესაძლებელია. როგორ? რის საფუძველზე უნდა აღიაროს პუბლიკამ, რომ საუკეთესოა მართლაც საუკეთესო? ვინ უნდა აიძულოს იგი? მხოლოდ მან, ნამდვილმა ჩემპიონმა, ხარისხის პერმანენტული გაუმჯობესებით და ყოველწამიერი მტკიცებით, რომ ის არის საუკეთესო. ოღონდ საქმით და არა სიტყვით, არა ხრიკებით, არა თამასის დაშვებით, არა არტელში გაერთიანებით და ფუჭი ჩინ-მედლების მორგებით. მხოლოდ საქმით. და ბრძოლით. შესაძლოა მსხვერპლად შეწირვის ფასადაც. მეორეს მხრივ, თუ ამას ვერ შეძლებს, ალბათ არც ყოფილა საუკეთესო.

Thursday, May 14, 2015

ოცნების მიზანი

როდესაც ახალი ხელისუფლება მოდის ქვეყნის სათავეში და ახალი სახელმწიფო იდეოლოგიის დეკლარირება ხდება, ასეთი ახალი ხელისუფლება ცდილობს რაღაც შეცვალოს, შესაძლოა დაანგრიოს კიდეც, რათა შემდეგ ააშენოს, ან მხოლოდ დაანგრიოს. ერთი სიტყვით, ცდილობს საკუთარი დამღა დაასვას ეპოქას, ისტორიაში შევიდეს, კვალი დატოვოს. როგორც გსურთ, ისე უწოდეთ. ამასთან, ცვლილებებს ნიშანი დადებითიც შეიძლება ჰქონდეს და უარყოფითიც. ასეთი იყვნენ ფაშისტები და ასეთი იყო პოლონეთის „სოლიდარობაც“.

თუკი ახალმოსული ხელისუფლება ამ ყველაფერზე უარს ამბობს, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი მნიშვნელოვანწილად (თუ სრულად არა) იზიარებს წინამორბედის მიდგომას სახელმწიფოს მართვისადმი და მისი მოსვლა მხოლოდ ე.წ. დემოკრატიული პროცესის ნაწილია. ასეთია ხელისუფლება დღევანდელ ე.წ. განვითარებულ სახელმწიფოთა უმეტესობისა.

საინტერესოა რა შედეგს ვიღებთ, როდესაც რაიმე ძალა, როგორც არსებული ხელისუფლების ცვლილების, ასევე რეფორმების მოთხოვნით გამოდის, ცვლის ხელისუფლებას, მაგრამ შემდეგ პრაქტიკულად ყველაფერს ხელუხლებლად ტოვებს. ასეთი მდგომარეობაა შექმნილი დღეს ჩვენს ქვეყანაში. მას შემდეგ, რაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება („ქართული ოცნება“) თითქმის მესიანური ხსნის ლოზუნგით („საქართველოს გადარჩენისა და თანამედროვე სახელმწიფოდ დამკვიდრებისთვის“ - ნათქვამია „ქართული ოცნების“ სადამფუძნებლო დეკლარაციაში; სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ არც მისი წინამორბედი იმყოფებოდა მსგავსი ამბიციისგან შორს) მოვიდა ქვეყნის სათავეში, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, სახელმწიფო სისტემებმა და სტრუქტურებმა ისევე განაგრძეს მოქმედება, როგორც მოქმედებდნენ. არანაირი ძირეული, რეფორმატორული ცვლილება არ შეინიშნება სახელმწიფო მოღვაწეობის არც ერთ სფეროში, თუმცა პროგრამის 12-პუნქტიანი პრეამბულა  ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობას, უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევას, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ქვეყნის გამთლიანების პროცესის დაწყებას, კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობას, წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ა.შ. ითვალისწინებდა. მოკლედ რომ ვთქვათ, „ქართული ოცნების“ ხედვით მდგომარეობა საგანგაშო გახლდათ, ხოლო მისი გამოსწორება ძირეულ ცვლილებებს საჭიროებდა. შესაძლოა ასეც იყო, მაგრამ იმდროინდელი მდგომარეობის შეფასება ჩემს მიზანს არ წარმოადგენს. უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რა ხდება დღეს. შეიძლება ითქვას, რომ ფუნდამენტურ ცვლილებებს, რომელთა შესახებ საუბრობდა კოალიცია, ადგილი არ აქვს. რამდენადაც შორს იყო დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივა, ისევე შორს არის; როგორც იყო ჯანდაცვა და განათლება ხელმიუწვდომელი საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, ისევეა; რამდენადაც მოწყვლადი იყო ჩვენი ქვეყნის საზღვრები, ასევე მოწყვლადია; როგორც შიმშილობდა და იქექებოდა საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენა ნარჩენებში, ისევე განაგრძობს; როგორიც იყო ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, ისეთივეა და ა.შ. „ქართულმა ოცნებამ“ მემკვიდრეობით მიიღო წინა ხელისუფლების მიერ შეცვლილი კონსტიტუცია, სახელმწიფო ატრიბუტიკა, აქტივები, სისტემები, პროცესები, ქვეყნის სვლის ვექტორი და იმავე გზით განაგრძო.


ვინაიდან ძირეულად არაფერი შეცვლილა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მოქმედი ხელისუფლება, ნებით თუ უნებლიედ, იზიარებს წინამორბედის მიდგომას სახელმწიფოს მართვისა და სახელმწიფო სისტემების ფუნქციონირებისადმი და, აქედან გამომდინარე, მაღალი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ ისიც, რომ, მიუხედავად დეკლარირებისა, ცვლილებები არ წარმოადგენს ამ ხელისუფლების პრიორიტეტს; ხოლო რადგან ძირეულად არაფერი შეცვლილა, მათი აუცილებლობა კი ორივე მიმართულებით (როგორც ხელისუფლების, ასევე სახელისუფლებო სისტემების) დეკლარირებული იყო, უნდა ვაღიაროთ, რომ მიზანი მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა იყო და არა სახელისუფლებო სისტემის ან პროცესებისა; ან მათში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა. ამდენად, მოქმედმა ხელისუფლებამ მიზანს უკვე 2012 წელს მიაღწია. ახალი მიზნის ფორმირება კი, მცდელობის მიუხედავადაც, ვერ მოხდება. ამას შესრულებული მისიის განცდა უშლის ხელს (შემდგომი მიზანი უფრო დიადი უნდა იყოს, ასეთს კი "მხსნელი ოცნება", რომელმაც ქვეყანა "დაღუპვას" გადაარჩინა, ვერ ხედავს - მთავარი გაკეთებულია!). შესაბამისად, არსებული ხელისუფლებისგან მხოლოდ ისეთ აქტივობას უნდა ველოდოთ, რასაც ინერციის ძალა განაპირობებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას შინაგანი ენერგია არ გააჩნია. შედეგი უძრაობაა.

Sunday, May 3, 2015

პერსონაჟი vs ადამიანი

საუკუნეების განმავლობაში ათეულობით ათასი ლიტერატურული პერსონაჟია შექმნილი და ვინაიდან იგი იმთავითვე იდუმალი ხიბლის მატარებელი გახლავთ, მის შესახებ მრავალი მოსაზრებაა გამოთქმული მკვლევარების, ისტორიკოსების, კრიტიკოსების და ზოგჯერ თავად ავტორების მიერაც კი. არსებობს მთელი რიგი მონოგრაფიები, შედარებითი კვლევები, სამეცნიერო შრომები და სხვა, თუმცა ეს არ არის ის მთავარი, რისი თქმაც ლიტერატურული ნაწარმოების მოქმედი პირის შესახებ არის აუცილებელი. მეორე მხრივ, არ იქნება მიზანშეწონილი, დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ნაწარმოების ჩარჩოებში მომწყვდეული პერსონაჟის შესახებ საუბარი, რადგან ვთვლი, რომ იგი სცდება ამ ჩარჩოებს და, ამდენად, გაცილებით მეტს იმსახურებს, ხოლო ვინაიდან პერსონაჟი ადამიანის პროდუქტია, ასევე ვთვლი, რომ უფრო მართებული იქნება იგი განვიხილოთ სწორედ ადამიანთან მიმართებით და, იმავდროულად, ეს გავაკეთოთ ეგზისტენციალურ ჭრილში.

დინამიური და სტატიური; ორ- და სამგანზომილებიანი; მთავარი და მეორადი; ხილული და უხილავი; და კიდევ მრავალი სხვა მახასიათებელი. ეს განსაზღვრებები ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟის კლასიფიცირებისთვის გამოიყენება. ჩვენ გვაქვს პერსონაჟთა ტიპების სიმრავლე, ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან ასაკის, სქესის, მრწამსის, ეროვნების, რასის, მსოფლმხედველობის მიხედვით, მაგრამ ვინ არის პერსონაჟი ზოგადად? როგორია იგი? რისთვის არსებობს? სად არის?

ჰყავს პროტოტიპი თუ არა, წარმოადგენს მნიშვნელოვანწილად ფიქციას თუ მასში გამოყენებულია რეალურად არსებული პიროვნების ნიშან-თვისებები, პერსონაჟი, ყველა შემთხვევაში, ავტორის პროდუქტია. ავტორის გარეშე იგი ვერ შეიქმნებოდა, ისევე, როგორც მშობლის გარეშე ვერ შეიქმნება შვილი. ორივეს ქვეყნად მოსავლენად საჭიროა ვიღაცის ნება, და ასევე სურვილი ან მოთხოვნილება. სხვაგვარად ეს არ მოხდება. ამასთან ერთად, ორივე შემთხვევაში ამქვეყნად მოვლენა პირმშოს ნების გათვალისწინების გარეშე ხდება. როგორც ადამიანი ჩნდება მისი ნების დაუკითხავად, ასევე ჩნდება პერსონაჟიც. ამ გაგებით პერსონაჟი ადამიანის მსგავსია, თუმცა განსხვავებას უკვე ვხვდებით: ადამიანის ქვეყნად მოსავლენად ორი სხვა ადამიანია საჭირო, პერსონაჟის შემთხვევაში ამას უმეტესწილად ერთი ადამიანი ახერხებს. ამასთან ერთად, ადამიანებმა, ქმნიან რა სხვა ადამიანს, პრაქტიკულად შეუძლებელია იცოდნენ, როგორი იქნება იგი. ერთი მდედრობითი სქესის გაჩნდება, სხვა კი მამრობითის, ვიღაც შესაძლოა სულაც ორსქესიანი იყოს; ერთი ქერათმიანი იქნება, სხვაკეხიანი ცხვირით, კიდევ ვიღაცჭორფლიანი. ერთს მათემატიკის მიმართ ექნება მიდრეკილება, მეორესუცხო ენების ნიჭი, მესამესარაფრის და .. ამ მახასიათებლებს ადამიანი ვერ განსაზღვრავს. ადამიანი ვერ შექმნის სხვა ადამიანს თარგის მიხედვით. ის გაჩნდება ისეთი, როგორიც გაჩნდება. სხვაგვარია ვითარება პერსონაჟის შემთხვევაში. პერსონაჟი, საპირისპიროდ შექმნილი ადამიანისა, მნიშვნელოვანწილად იქნება ისეთი, როგორსაც მას ავტორი ჩაიფიქრებს. თუ ჯოისს სურს, რომ ლეოპოლდ ბლუმი იყოს ებრაელი და უყვარდეს ცხვრის შემწვარი თირკმელი, ის ასეთი იქნება და ის ასეთიც არის. თუ სხვა ავტორს სურს, რომ მის პერსონაჟს ვაშლი უყვარდეს, ესეც ასე იქნება. შემოქმედს ხელეწიფება ისეთი პერსონაჟის შექმნა, როგორიც მას სურს ან სჭირდება და ეს პირველი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანია. პერსონაჟი წინასწარ არის განსაზღვრული, ადამიანი კი არა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პერსონაჟის შემთხვევაში არსი უსწრებს არსებობას, ადამიანის შემთხვევაში კი პირიქით არის, თუმცა აქ კიდევ ერთი რამ უნდა ითქვას, რაც განაპირობებს კიდეც ზემოაღნიშნულს, კერძოდ კი ის, რომ ადამიანის შესაქმნელად ბიოლოგიური მასალაა საჭირო, პერსონაჟიოსტატის უკიდეგანო წარმოსახვით ქაოსში იქმნება არაფრიდან.

ადამიანი იკვებება, სუნთქავს, იწყებს მეტყველებას, თანდათან აღიქვამს გარემომცველ სამყაროს, ერთი სიტყვით, ცხოველქმედებს და სიცოცხლისეული ატრიბუტებით აღიჭურვება. ეს, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ის, რაც ადამიანებს განასხვავებს. უფრო საინტერესოა ადამიანის სხვა იპოსტასი, მისი შინაგანი სამყარო. ყველა ცოცხალი ადამიანი ფიქრობს, ნატრობს, ოცნებობს, მოსწონს, უყვარს... სწორედ ეს განაპირობებს ადამიანთა მრავალგვარობას. ვიღაც კარიერაზე ოცნებობს, სხვას გამდიდრება აქვს განზრახული, კიდევ ვიღაცსაკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს. ერთი ლუკმა-პურს ნატრობს, მეორეს სპორტი იტაცებს, მესამემეზობლის ცოლს ეტრფის, მეოთხეკოშმარებს ხედავს სიზმრად. ალბათ არ არსებულა ადამიანი, ვისთვისაც უცხო იყოს მსგავსი გამოვლინება. ეს ასეა. ჩვენ განვსხვავდებით ერთმანეთისგან ჩვენი მისწრაფებების, ზრახვების, ოცნებების მიხედვით, თუმცა მცირედი ან სრულებით არაფერი ვიცით სხვათა ოცნებების, სიზმრებისა და ზრახვების შესახებ. ვიცით, რომ ზოგადად ასეა, მაგრამ რა ხდება კონკრეტულად, ეს არ ვიცით. პერსონაჟი? ანტუან როკანტენის საყვარელი სიმღერააOne of These Days”. ადრიან ლევერკიუნი გენიალურ მუსიკოსობაზე ოცნებობს, ოდისევსი შინ დაბრუნებას ნატრობს, რომეოს და ჯულიეტას ერთმანეთი უყვართ. ეს ასეა და ჩვენ ეს ვიცით. ვიცით, რომ მოხუცი სანტიაგო სიზმრად აფრიკის ნაპირებზე გამოსულ ლომებს ხედავს, ვიცით, რომ იუჰან ნაგელი საკუთარ თავს წერს წერილებს. ჩვენ საფუძვლიანად ვიცნობთ პერსონაჟის შინაგან სამყაროს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რას ფიქრობს, რას ოცნებობს, რა მოგონებები აქვს ადამიანს. ჩვენ არ ვიცით, როგორი მუსიკა მოსწონდა სარტრს, რას ოცნებობდა ჰომეროსი ან ვინ უყვარდა შექსპირს. ჩვენ ეს უბრალოდ არ ვიცით, რადგან ეს ადამიანის შინაგან სამყაროში ხდება. თუკი ისე მოხდება, რომ ეს ადამიანი ფარდას ახდის საკუთარ შინაგან სამყაროს, ასეთ შემთხვევაშიც არ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ის, რაც ვიხილეთ, სიმართლეა. აქ გამოთვლები არ გამოდგება, მათემატიკა აქ უძლურია. პერსონაჟის შემთხვევაში ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ფიქრობს, რას ხედავს სიზმრად იგი. ჩვენ ეს ვიცით. ვიცით, რომ ჰამლეტს შურისძიება სურს, გრეგორ ზამზა ოჯახის კეთილდღეობაზე ფიქრობს, ლიზა ტუშინას კი სტავროგინი უყვარს ფარულად. ჩვენ ესეც ზუსტად ვიცით. შემოქმედმა ჩვენ ეს სავსებით გასაგებად გვითხრა.

გარდა შინაგანი სამყაროსი, არსებობს გარეგნული მხარე, ის, როგორითაც ჩვენ წინაშე წარმოდგებიან სხვა ადამიანები. შესაბამისად, თუკი ადამიანი არსებობს, მის შესახებ რაღაც არის ცნობილი. ვიღაც მაღალია, სხვამსუქანი, ერთი კარგად ისვრის მიზანში, მეორე კი წიგნებს კითხულობს, კიდევ ვიღაცას ღვინო უყვარს და .. შევეცადოთ გავარკვიოთ, რა მდგომარეობაა პერსონაჟთან მიმართებით. მაგალითის სახით განვიხილოთ ოდისევსი. ჩვენ ვიცით, რომ მისი მშობლები არიან ლაერტე და ანტიკლეა, მისი მეუღლეა პენელოპე, შვილი კი ტელემაქე. ის დაიბადა ითაკაში და მისი მეფეაოდისევსი გამოირჩევა გონებრივი შესაძლებლობებით და ცბიერებით, იგი სულგრძელი და ღმერთების პატივისმცემელია; იგი თავადაც უყვართ ღმერთებს და მფარველობენ მას, მაგრამ ერთი მათგანი, პოსეიდონი,  მასზე ანრისხებულიაოდისევსი კალიფსოს ტყვეობაში შვიდ წელიწადს ატარებს, მას უყვარს და ენატრება პენელოპე, თუმცა გამგზავრების წინ იმავე კალიფსოსთან დაწვებაოდისევსი აშენებს ტივს, გზად უამრავი სირთულის გადალახვა უწევს; მას ღმერთების შთამომავალს და ქალაქთმპყრობელს უწოდებენ, ჩვენ ვიცით მისი ფიზიკური აღნაგობა და სპორტული მონაცემები... ეს გახლავთ მცირედი ნაწილი იმისა, რაც ჩვენ ოდისევსის შესახებ ვიცით. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მას ვიცნობთ, ჩვენ იგი ვიხილეთ. ახლა ჰომეროსი განვიხილოთ. რა ვიცით ჩვენ ჰომეროსის შესახებ? ვიცით, ვინ იყვნენ მისი მშობლები? მისი მეუღლე ვინ იყო? ჰყავდა საერთოდ მეუღლე? სად დაიბადა? რა ასაკში გარდაიცვალა? რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი? სად გარდაიცვალა? რომელ წლებში ცხოვრობდა? ჩვენ მის შესახებ არაფერი ვიცით. ჩვენ მხოლოდ ისვიცით”, რომ ოდისეა დაწერა ჰომეროსმა, მაგრამ შეგვიძლია დანამდვილებით ვქთვათ, რომ მას, ვინც ოდისეა დაწერა, ჰომეროსი ერქვა? ან ეს იგივე ადამიანია, ვინცილიადადაწერა? ჩვენ მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ დანამდვილებით: ოდისეა ვიღაცამ დაწერა. ამდენად, ჩვენ მეტი ვიცით პერსონაჟის, ვიდრე რეალურად არსებული პიროვნების, ამ შემთხვევაში, მისი ავტორის, შესახებ. ოსტატმა დეტალურად აღწერა შეგირდი, მაგრამ თავად ოსტატის, პირველსაწყისის შესახებ ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით. შესაძლოა ადამიანები ამას არც ანიჭებდნენ მნიშვნელობას და ის უფრო მნიშვნელოვნად ეჩვენებოდათ, რაც იქმნებოდა, ვიდრე შემოქმედი. გილგამეშის ეპოსი. ეს ნაწარმოები, რამდენადაც ისტორიკოსები გვარწმუნებენ, საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა. მისი მთავარი გმირის შესახებაც მრავალი რამ არის ცნობილი: მის მიმართ ღმერთქალ ინინის სიყვარული, მისი მეგობრობა ენქიდუსთან, მის მიერ უკვდავების ძიება და .. ვინ არის ეპოსის ავტორი? ამ შემთხვევაში ჩვენ ავტორის (მრავალი ისტორიკოსის აზრით კი, ავტორების) სავარაუდო ვინაობაც კი არ ვიცით.

ადამიანი არსებობს. მას იცნობენ სხვა ადამიანები, რომლებსაც უჩნდებათ განსხვავებული აზრი მის შესახებ. ზოგს მოსწონს მისი საქციელი, ზოგიც აძაგებს, ვიღაც გულგრილი რჩება. ის ესიზმრებათ, უყვარდებათ, მას გულშემატკივრობენ და მისი სიხარულით ხარობენ ან მისი წარუმატებლობა წყინთ. მას ესაუბრებიან, ასწავლიან, გმობენ, ხოტბას ასხამენ, თხოვენ, ემუქრებიან. ამ და სხვა მრავალი გზით, ნებით თუ უნებლიედ, ადამიანები ზემოქმედებენ ერთმანეთზე. ადამიანზე ზემოქმედებას ახდენს მშობელი, პედაგოგი, მოძღვარი, ავტორიტეტი, მეგობარი და ადამიანი ხშირად ცდილობს მიბაძოს, დაემსგავსოს მას. იგი ატარებს წვერს, იყენებს ხელჯოხს, იცვამს და ცდილობს გამოიყურებოდეს მასავით, ირჩევს მის პროფესიას. ანალოგიურად ადამიანებისა, პერსონაჟებიც ზემოქმედებენ სხვა პერსონაჟებზე. ჰამლეტი მამის აჩრდილის ზემოქმედებით ივსება შურისძიების სურვილით, რაც მთელ მის შემდგომ ქმედებებს განსაზღვრავს, კრეონტი ანტიგონეს გასათავისუფლებლად ტირესიასის შეგონებით გაემართება, პეტრე ვერხოვენსკის მიერ დაშანტაჟებული ჯგუფის წევრები შატოვს კლავენ და .. ადამიანები ისეთსავე ზემოქმედებას ახდენენ სხვა ადამიანებზე, როგორც პერსონაჟები სხვა პერსონაჟებზე. ეს არც არის გასაკვირი, რადგან პერსონაჟი ადამიანის შექმნილია, ადამიანი კი ისეთ ქმნილებას აძლევს არსებობის შესაძლებლობას, რომელიც მისი მსგავსი თვისებებით არის აღჭურვილი. იგი მას საკუთარ სახედ და ხატად ქმნის. ახლა ვნახოთ, რა მდგომარეობაა ურთიერთზემოქმედების თვალსაზრისით. პირველ რიგში, შევეცადოთ განვიხილოთ, შეუძლია თუ არა პერსონაჟს ადამიანზე ზემოქმედება. ბავშვობაში ალბათ ბევრს სურდა ყოფილიყო არტანიანივით მოხერხებული ან რობინ ჰუდივით მამაცი და სამართლიანი, ან კიდევ რობინზონ კრუზოს მსგავსად კუნძულზე აღმოჩენილიყო. მრავალი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება. მოცარტმა 1782 წელს დაწერა კანონიLeck Mich in Arsch”. ეს სიტყვები გოეთეს გიოც ფონ ბერლიჰინგენს ეკუთვნის. ადამიანზე პერსონაჟის ძლიერი გავლენის თვალისაჩინოებისთვის შემდეგი მაგალითიც კმარა: გერცენი წერს, რომდანიის პრინცის ძაძებით იმოსებოდა ყველა, ვისაც არ შეეძლო გამარჯვებული რეაქციის ცნობა, და კიდევ უფრო მეტად არ შეეძლო მასთან ბრძოლა. ჰამლეტიზმში, როგორც ლაბადაში, ისე ეხვეოდნენ. სამოსი მოხდენილადაც ითვლებოდა.” აქ არა ცალკეულ ადამიანზე, არამედ მთელ საზოგადოებაზეა საუბარი.

პირიქით თუ ხდება მსგავსი რამ? ადამიანს თუ შეუძლია ზემოქმედება პერსონაჟზე? პასუხი ერთმნიშვნელოვანია: არა. მოქმედი პირები ისეთები არიან, როგორებიც არიან და ასეთებად რჩებიან სამარადისოდ. მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, ვინსთონ სმითს ეშინია ვირთხების, ოიდიპოსი დედას ირთავს ცოლად, დონ ჟუანი კი მარად ჟიგოლოდ რჩება. პერსონაჟი ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე, რის საპირისპირო მოვლენას ადგილი არ აქვს. ამ თვალსაზრისით ადამიანსა და პერსონაჟს შორის ტოლობის ნიშანი არ დაისმება.

ადამიანს ემატება ასაკი. აქ კიდევ ერთ მნიშვნელოვან სხვაობას ვხვდებით მას და პერსონაჟს შორის. ადამიანს ემატება წლები, ნაოჭდება, ჭაღარავდება, უქვეითდება მხედველობა და სმენა, მნიშვნელოვანწილად გამქრალი აქვს სურვილები, თანდათან სულ უფრო უმწეო ხდება, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ცვლილებებს განიცდის. ეს ცვლილებები ეხება მის ბიოლოგიურ ფუნქციებს: სუსტდება მისი ორგანოები, ის ისე კარგად ვეღარ ხედავს, ვეღარ დადის ისე სწრაფად, როგორც უწინ, კიბეზე ასვლისას რამდენჯერმე ისვენებს და .. პერსონაჟს ეს არ ემართება. პერსონაჟი არის იმ ასაკის, რა ასაკისაც არის იგი წიგნის დასასრულს. ტომ სოიერი მუდამ პატარა ბიჭად რჩებაჰამლეტი - ოცდაათიოდე წლის მამაკაცად, სთივენ დედალოსი - ოცდაორი წლის ახალგაზრდად. ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ყველაზე არ ვრცელდება. პერსონაჟებსაც ემატებათ ასაკი ზოგჯერ, მაგრამ ემატებათ მანამ, სანამ ამას საჭიროდ თვლის შემოქმედი. ის განსაზღვრავს, ვინ რა ასაკს უნდა მიაღწიოს, თუმცა გარკვეული ზღვრის მიღწევის შემდეგ, პერსონაჟი ინარჩუნებს მას. აქ კი ყველაზე მნიშვნელოვანს მივუახლოვდით...

სიცოცხლის დასასრული. რასაკვირველია, არსებობენ გარდაცვლილი პერსონაჟები. ოსტატმა შესაძლოა დაასრულოს პერსონაჟის სიცოცხლე, მაგრამ ნიშნავს კი ეს მის გარდაცვალებასჰამლეტი, დონ კიხოტი, ანა კარენინა, კირილოვი და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი გარდაცვლილი პერსონაჟი არსებობს, მაგრამ ერთი რამ არის აღსანიშნავი. ადამიანს ასეთი პერსონაჟებისა და მათ მიმართაც, ვინცმკვდარიარ არის, იდენტური დამოკიდებულება აქვს. ის სწავლობს მათგან, მათ შესახებ ესაუბრება სხვებს, ბაძავს მათ, უყვარს ან სძულს და .., რადგან ადამიანი გრძნობს, რომ მათი სიკვდილი ნამდვილი არ არის. ეს სიკვდილი განსხვავდება ადამიანთა სიკვდილისგან. პერსონაჟი შესაძლოა მოკვდეს მხოლოდ ნაწარმოების მიზნებიდან გამომდინარე ანუ როლი შეასრულოს, როგორც მსახიობმა. ეგზისტენციალური გაგებით მისი სიკვდილი შეუძლებელია, რადგან მას არასოდეს უცხოვრია მიწაზე, ხოლო იქ, სადაც პერსონაჟები ცხოვრობენ, სიკვდილი არ არსებობს.

ადამიანი კი ცხოვრების რომელიღაც წუთს ტოვებს ამ ქვეყანას. სამწუხაროდ ეს ასეა, ადამიანი კვდება. სწორედ ეს არის მთავარი, ფუნდამენტური განსხვავება ადამიანსა და პერსონაჟს შორის. პერსონაჟი არ კვდება. ერთხელ შექმნილი, იგი მუდამ არსებობს. მიუხედავად ასაკისა, ისტორიული ეპოქისა თუ გეოგრაფიული გარემოსი, პერსონაჟი მუდამ იქნება. ის არ იყო სულ, ის ოდესღაც შეიქმნა, მაგრამ სულ იქნება. ის უკვდავია. ყველა და ყველაფერი კვდება. მხოლოდ პერსონაჟი იქნება მუდამ.

არსებობს უკვდავების კიდევ ერთი ფორმა: მენტალური. როდესაც პერსონაჟის შესახებ ვსაუბრობთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ყველაფერი, რაც მას უკავშირდება, ადამიანის გონებაში ხდება. შესაბამისად, უპრიანი იქნება კითხვა: ადამიანის შესახებაც ხომ არსებობს ცოდნა? მოგონება? რასაკვირველია, ეს ასეა, მაგრამ ასეთი სახით არსებული ცოდნა ან მოგონება ორ მნიშვნელოვან ატრიბუტს არის მოკლებული. პირველიეს არის ნამდვილობა ანუ ავთენტურობა. მოგონება იქნება იმდენი და ისეთი, რამდენიც მომგონებელი, როდესაც პერსონაჟის შესახებ ჩვენ ერთი ცოდნა გვაქვს, ერთადერთი. ჰამლეტს უყვარს ოფელია, მაგრამ თავს იგიჟიანებს. მორჩა. მეორე გახლავთ დროთა განმავლობაში ამ სუბიექტური ცოდნის ცვალებადობა. თუ ვაღიარებთ, რომ ჯორდანო ბრუნო რეალურად არსებული პიროვნება გახლდათ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მე-16 საუკუნეში იგი ჯადოქრად და ერეტიკოსად იყო მიჩნეული, თუმცა დღეს იმ დროის ერთ-ერთ პროგრესულ მეცნიერად ითვლება. აქედან გამომდინარე, ადამიანს მენტალურადაც ვერ ექნება უკვდავება. მას სწორედ ეს ორი რამ უშლის ხელს ამაში: აქ არსებობა და სხვა ადამიანები. ის არსებობდა აქ და არა სხვაგან. შესაბამისად, ის მოკვდა. შესაძლებელია, რომ პერსონაჟის ესა თუ ის სიტყვა ან ქმედება სხვადასხვაგვარად იქნას ინტერპრეტირებული, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ერთი და იგივე სიტყვის ან ქმედების შესახებ. ადამიანის შემთხვევაში ეჭვქვეშ დგას თავად ამ სიტყვის ან ქმედების ხდომილება. როდესაც ადამიანი საუბრობს სხვა ადამიანის შესახებ, ის ქმნის მეორე არსებას. ერთია ის, ვინც არის, და მეორე ის, როგორიც იგი სხვა ადამიანმა დაინახა. ადამიანი გაორდა, გასამდა, გაოთხდა და .., თუმცა ერთიც რომ იყოს, იგივე შედეგამდე მივიდოდით. ადამიანის შესახებ ცოდნა, რომელიც თავად ამ ადამიანისგან მოდის, შესაძლოა მცდარი იყოს, პერსონაჟის შესახებ ცოდნა ერთადერთია და, შესაბამისად, ეს არის სიმართლე. ამდენად, თუ მენტალური უკვდავება საუკუნეებში რეალიზებული ურთიერთობაა, პერსონაჟია სწორედაც რომ უკვდავი. მიუხედავად მისი ბედისა ნაწარმოებში, იგი ურთიერთობს ადამიანებთან, მას იხმობენ, კითხვებს უსვამენ, ენატრებათ, ის აქ არის, ხელის გაწვდენის მანძილზეა. მეტიც, ის ადამიანშია, მაგრამ არა ერთში, არამედ ბევრში და ის ნებისმიერ წუთს შეიძლება გამოჩნდეს ასპარეზზე. ამიტომაც, როდესაც საუკუნეებში რეალიზებულ ურთიერთობებზე მიდგება საქმე, ადამიანი უმალ პერსონაჟს მოუხმობს და არა სხვა ადამიანს, რაც იწვევს კიდეც ადამიანის მენტალურ სიკვდილს. ის ქრება. ამდენად, როგორც ეგზისტენციალურად, ისე მენტალურად, ადამიანი კვდება, პერსონაჟი კი მუდამ ცოცხალია.

და რას ვიღებთ შედეგად? ღმერთის მიერ შექმნილი ადამიანები მოკვდავები არიან, ადამიანის მიერ შექმნილი პერსონაჟები კი უკვდავები.

დიახ, ადამიანი ქმნის პერსონაჟს, მაგრამ თუკი ისე ხდება, რომ შემდეგ ჩვენ მეტი და უფრო დაზუსტებით ვიცით პერსონაჟის, ვიდრე ადამიანის შესახებ, თუ პერსონაჟი ახდენს ზემოქმედებას ადამიანზე, ხოლო ადამიანი იგივეს ვერ ახერხებს მის მიმართ, თუ პერსონაჟი მეტ ნდობას აღძრავს, ვიდრე ადამიანი, თუ ადამიანი კვდება, ხოლო პერსონაჟი მარად არსებობს, ხომ არ შეიძლება ითქვას, რომ პერსონაჟი უფრო რეალურია, ვიდრე რეალურად არსებული ადამიანი?!

დიახ, ალბათ ჰამლეტი უფრო რეალურია, ვიდრე შექსპირიდონ კიხოტი უფრო რეალურია, ვიდრე სერვანტესი, კანდიდი უფრო რეალურია, ვიდრე ვოლტერი და ..

იგივე უნდა ითქვას ოსტატის მიერ შექმნილ გეოგრაფიულ ლოკაციებთან დაკავშირებითაც. აღარ არსებობს რომის იმპერია, აღიგავა ბაბილონი, დაიფერფლა პომპეი. იოკნაპატოფა არსებობს, მას ვერავინ დაიპყრობს, ის არ გადაშენდება. იოკნაპატოფა მარადი მხარეა. მაკონდოც.


სწორედ ეს არის ის, რითიც ლიტერატურის მნიშვნელობა განისაზღვრება, ამიტომ აქვს მას ღირებულება და გამორჩეულია სხვა ხელოვნებათა შორის. ლიტერატურაში იქმნება უკვდავება და, შესაბამისად, იგი თავადაც უკვდავია, ხოლო თუ უკვდავების შემოქმედი ღმერთია, მაშინ ღმერთი – შემოქმედი ადამიანია.