Wednesday, June 24, 2015

დეცეფცია ანუ დაშვებული თამასის პარადოქსი

ალბათ ასეთი სურათი უკანასნკელ ხანს ხშირად შეგინიშნავთ: ადამიანი დინჯად მიუყვება ქუჩას, თან მზესუმზირას აკნატუნებს. სეირნობის პროცესში ეკლესიას შენიშნავს, ჩერდება, პირჯვარს იწერს, შეიძლება წელშიც მოიხაროს, მაგრამ მეორე ხელით კნატუნს განაგრძობს. ასეთებსაც ნახავთ, მანქანის საჭესთან მსხდომნი ეკლესიის დანახვისას ოდნავ რომ ანელებენ სვლას, რათა პირჯვარი გადაიწერონ. მსგავს ადამიანებს შეხვდებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სოფლის გზაზე, ოფისში, რესტორანში, ერთი სიტყვით ყველგან, საიდანაც ტაძრის ნაწილი მაინც მოჩანს. ამ ადამიანთა უმეტესობა ყოველდღიური ვალის მოხდის დროს პარალელურად სხვა საქმით არის დაკავებული: ნახსენები კნატუნი ან საუბარი თანამგზავრთან ფრიად პოპულარულია, ასევე მუსიკის მოსმენა, საუბარი მობილურით და სხვა. ეს ისე კეთდება, სხვათა შორის, ჩათვლასავით. თუ ეს გაკეთდა, ე.ი. კარგი დღე გარანტირებულია.

მსგავსი მაგალითი სხვაც მრავლად გვაქვს. მომიტევებს მკითხველი, მაგრამ ის  პრაქტიკა უნდა ვახსენო, ფრიად პოპულარული რომ არის მდედრობითი სქესის გარკვეულ ნაწილში, კერძოდ კი ქალწულობის ე.წ. აღდგენა. არც ხელისუფლება უნდა გამოგვრჩეს (არა რომელიმე კონკრეტული), სახლებს რომ ფასადებს უღებავს და უკანა მხარეს ისევე ტოვებს ან ახალ ინდუსტრიულ ობიექტებს ხსნის ბანერების ფონზე, ან კიდევ ოპონენტს საჯაროდ ეკამათება, კულუარებში კი გარიგებაზე მიდის და მასთან ერთად ქეიფობს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ნიღბის მორგება, სხვისი გაცურება, გაბიაბრუება. ლათინურად ამ მოვლენას დეცეფცია ეწოდება.

ასეთებიც არსებობენ, ყალბი საბუთებით (ძირითადად, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებით) რომ ცდილობენ ფონს გასვლას და ისინი, ვინც ასეთ საბუთებს გასცემს; კიდევ ისეთები, ოლიგარქთა შესაფერისი მანქანებით რომ გადაადგილდებიან, ანაფორებითა და წვერით შემოსილები.

ჩვენ ვატყუებთ ერთმანეთს: ცოლი ატყუებს ქმარს, დასაქმებული - დამსაქმებელს, ხელისუფლება - მოსახლეობას, მოსახლეობა - ხელისუფლებას, ადამიანი სხვა ადამიანს, თანამშრომელს, ნათესავს, მეზობელს, საკუთარ თავს... ღმერთს.

ეს თვალშისაცემია ყოველდღიურობაში. შესაბამისად, ეს სოციალური მოვლენაა. ამდენად, ვთვლი საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს კითხვა: თუკი საზოგადოება ამდენად ჩაეფლო გაყალბების ყოველდღიურ მორევში, ხომ არ შეიძლება იგივე შეინიშნებოდეს ადამიანის მოღვაწეობის სხვა, სპეციფიურ სფეროებშიც?

საინტერესო იქნება იმ ასპარეზის განხილვა, რომლის წარმომადგენელთა მიღწევების რაოდენობრივი შეფასება გართულებული ან შეუძლებელია. მაგალითისათვის საინტერესო იქნება განვიხილოთ მდგომარეობა ხელოვნებაში.

აქ ასეთი რამ არის თვალშისაცემი: ხელოვნების სხვადასხვა სფეროთა წარმომადგენლები ერთმანეთს ხშირად მიმართავენ აღმატებულ ხარისხში. გაიგონებთ ასეთ შეფასებებს: „გენიალური“, „ლეგენდარული“, „უდიდესი“, „ფენომენალური“ და ა.შ. ეს მით უფრო თვალშისაცემია, რომ მაღალი კონკურენცია ერთი შეხედვით საპირისპიროს ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. მეორეს მხრივ, ჭეშმარიტი გენიოსი ას წელიწადში ერთხელ თუ ჩნდება. ამდენად, როდესაც მრავალ „გენიოსზეა“ საუბარი, საქმე სხვა მოვლენასთან უნდა გვქონდეს. შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ ეს ადრესანტთა უცოდინრობით არის გამოწვეული, მაგრამ მიმაჩნია, რომ მიზეზი უფრო ღრმად არის საძიებელი.

ოქსფორდის ლექსიკონი ასე განმარტავს გენიოსის ცნებას: „განსაკუთრებული ინტელექტუალური, შემოქმედებითი ან რაიმე სხვა სახის ბუნებრივი უნარი“. ლეონარდო, ნიუტონი, აინშტაინი საყოველთაოდ არიან მიჩნეული გენიოსებად. ვფიქრობ, სადაო არ უნდა იყოს საკითხი იმის შესახებ, რომ, სამწუხაროდ, მსგავს ფიგურებს, ჩანასახოვან სტადიაშიც კი, ჩვენს ქვეყანაში დღევანდელ დღეს ვერ ვხედავთ.

ცხადია, ჩემს მიერ ნახსენებ შემთხვევაშიც მინიშნება სწორედ განსაკუთრებულ თვისებებზე ხდება, თუმცა უსაფუძვლოდ. მაშ რატომ ხდება ეს?

ხომ არ გვაქვს აქაც საქმე რაიმე სახის დეცეფციასთან? რა ფარულ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს დითირამბების მღერა ერთმანეთისთვის? როდესაც დაქვემდებარებული აქებს და ადიდებს ზემდგომს, ყველასთვის ცხადია, რომ შემთხვევათა უმეტესობაში ეს ანგარებით ხდება. მაგრამ რა იწვევს იგივე ქმედებას სიტუაციაში, როდესაც სუბორდინაცია არ არსებობს? მწერალი - მწერალს, მომღერალი - მომღერალს, რეჟისორი - რეჟისორს, მწერალი - მომღერალს, პოეტი - რეჟისორს და ა.შ.

პირველ რიგში ამ მოვლენის მყისიერი ეფექტი განვიხილოთ. ამასთან დაკავშირებით ერთი მაგალითი მახსენდება: წლების წინ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ სპორტული ჟურნალისტის ვაკანსია გამოაცხადა. კანდიდატი ხუთი იყო, დაახლოებით თანაბარი ცოდნის მქონე პიროვნება, რომელთაგან არც ერთს არ ჰქონდა გამოცდილება სპორტულ ჟურნალისტიკაში. მეტიც, სპორტისგან საკმაოდ შორს იყო ხუთივე. ერთი მიიღეს. სულ მალე იგი სპორტის (არა რომელიმე ცალკეული სახეობის, არამედ ზოგადად სპორტის) გურუდ შერაცხეს. აქვე უნდა ვახსენო ეგრეთ წოდებული ექსპერტები, წინა და მოქმედი ხელისუფლების დროს სოკოებივით რომ იჩეკებოდნენ და იჩეკებიან. გუშინ ჟურნალისტი იყო, დღეს ექსპერტია; გუშინ თარჯიმანი იყო, დღეს ექსპერტია; გუშინ ჩინოვნიკი იყო, დღეს ექსპერტია და ა.შ. ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ მას ასე უწოდეს.

იგივე მოდელი მუშაობს ჩვენს შეთხვევაშიც: თუ მე ვიტყვი, რომ შენ გენიოსი ხარ, შენ იტყვი მასზე, რომ ის გენიოსია, ის იტყვის სხვაზე, რომ სხვა გენიოსია და ა.შ. და ამ ჯაჭვის უკანასკნელი რგოლი იტყვის ჩემზე, რომ მეც გენიოსი ვარ, ყველა გენიოსებად ვიქცევით, იმ პირობით, რომ ჯაჭვი უმრავლესობას მოიცავს. ჩვენ არ ვართ ასეთები, მაგრამ პარადოქსულად ჩვენ ასეთებად „ვიქცევით“. ხშირი გამეორებით საზოგადოება ამას ასე ხედავს.

მაშ ასე, ისინი ხოტბას ასხამენ ერთმანეთს. მავანი იტყვის: „მერე რა, გაერთონ, თუ ასეთი გულუბრყვილო გართობა სურთ.“ შევეცადოთ გავერკვიოთ, რამდენად გულუბრყვილოა ეს გართობა. ამისთვის უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან ეს ადამიანები ანუ დეცეფტანტები.

თუ კარგად დავუკვირდებით, შევნიშნავთ სამ ძირითად კატეგორიას: ა) ხანგრძლივი წარუმატებლობით დაქანცულებს; ბ) მათ, ვინც საკუთარი მდარე ტალანტი გააცნობიერა; გ) უპერსპექტივოებს ან ისეთებს, ვინც ასეთად თვლის თავს. ერთი სიტყვით, მათ შეიძლება ხელმოცარულები ვუწოდოთ. ამ ადამიანებს ერთი საერთო მახასიათებელი აქვთ: ყველა მათგანისთვის მოჩვენებითი წარმატება მეტს ნიშნავს, ვიდრე ნამდვილი.

ახლა ამ მოვლენის გრძელვადიანი ეფექტი განვიხილოთ. ამაში გასარკვევად გამოგვადგება მაგალითი სპორტის სფეროდან. იყო ასეთი ჭოკით მხტომელი - სერგეი ბუბკა, მსოფლიო რეკორდსმენი, მსოფლიოს არაერთგზის  და ოლიმპიური ჩემპიონი. იყვნენ სხვა დანარჩენები, ვისაც მისთვის კონკურენციის გაწევა არ შეეძლო. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ერთ-ერთი ასპარეზობის წინ ბუბკა სასტუმროს ნომერში ჩაკეტეს და მან ვერ შეძლო შეჯიბრში მონაწილეობის მიღება. ასპარეზობაზე ის მოხდება, რომ თამასას დაუშვებენ, რომლის გადალახვას უმეტესობა შეძლებს, რადგან რაც უფრო დაბლაა თამასა, მით მეტი გადალახავს მას. თუ თამასა მიწასთან ახლოს არის, მას ყველა გადალახავს. ამ ფაქტის გაცნობიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელმოცარულთათვის. როდესაც ისინი ერთიანდებიან (ერთმანეთისთვის პანეგირიკების მიძღვნა და აღმატებულ ხარისხში მიმართვა სწორედ გაერთიანების საშუალებაა), ეფექტი თვალშისაცემი ხდება. შედეგად იმას ვიღებთ, რომ საზოგადოების ფრიად დიდ ნაწილს, შესაძლოა უდიდესსაც, თამასა ზეაწეულად მოეჩვენება ანუ ეს დაშვებული წერტილი მოეჩვენება სარეკორდო სიმაღლედ (მისი გადამლახავები ხომ უკვე „გენიოსები“ არიან?!). ეს გახლავთ დაშვებული თამასის პარადოქსი. არ დაგვავიწყდეს, რომ იმ სფეროს შესახებ ვსაუბრობთ, რომელშიც რაოდენობრივი შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელია.

განხილვის საგანს დავუბრუნდეთ. დეცეფტანტები, ერთის მხრივ, „გენიოსებად“ იქცნენ, მეორეს მხრივ კი მათი ქმნილებები დაბალი სინჯისაა. შედეგად მივიღეთ დაშვებული თამასა - დაბალი სინჯის ქმნილებების ავტორი „გენიოსია“ (ბრჭყალების გარეშე მათთვის, ვინც ამ ლუკმას ყლაპავს და ინელებს).

რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ არ არსებობს ის, ვინც თამასას აწევს; მეორე: პუბლიკა მოგებულია, რადგან უკვე მარტივად ახერხებს „გენიოსის“ იდენტიფიცირებას, ის ექსპერტი ხდება, მას თავისი გმირი ჰყავს, რომლისაც ესმის, და ნაკლები ინტელექტუალური და სხვა რესურსის დახარჯვა სჭირდება მისი იდენტიფიცირებისთვის; მესამე: მოგებულია მოასპარეზეც, რადგან დაშვებული თამასის პირობებში ნაკლები ძალისხმევა სჭირდება წარმატების მისაღწევად.

დეცეფციის სარგებლის გაცნობიერებამ თამასის დაშვება გამოიწვია. სხვაგვარად მიზნის მიღწევას მეტი შრომა სჭირდებოდა, მაგრამ ჩვენ გამოსავალი ვიპოვეთ. ნაკლები შრომა და იგივე შედეგი, თუმცა მოჩვენებითი.

ერთმანეთისთვის პანეგირიკების მიძღვნა სრულყოფილი დეფეცფიისთვის საკმარისი არ არის. კიდევ რაღაც არის საჭირო. მშრალი ლუკმა ყველაზე დამშეულ საზოგადოებსააც კი ყელში ეჩხირება. აქ გამოდის რეგალიების როლი წინა პლანზე. ჩვენ რეგალიებისგან იმ ინდიელებივით ვინუსხებით, კოლუმბმა რომ სარკის ნატეხები ოქროში გადაუცვალა. ერთი ლუდის მხარშავი კომპანიაა თბილისში, იმდენი ჯილდო აქვს ოფისში, გაგაოცებთ. შემდეგ გაირკვა, თითოში ორმოცდაათი დოლარი ჰქონია გადახდილი. ერთ ავტორს ვიცნობ, დიდად ამაყობს, რომ მისი წიგნი ერთ-ერთი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია. როგორც შემდეგ გაირკვა, კონკურსი მისივე ორგანიზებული ყოფილა. მერე რა? ხომ შეუძლია თქვას, ჩემი წიგნი კონკურსის გამარჯვებულიაო?! ბრბოსთვის ესეც საკმარისია. ჯადოსნური წრე შეიკრა: ის მაძლევს ჯილდოს, მე ვაკრობ ჯილდოს პროდუქტს და ვაწვდი მომხმარებელს, რომელიც ჯილდოიან პროდუქტს სიხარულით იღებს (რეალურად ის ბრჭყვიალა სათამაშოს ყიდულობს ჯილდოს სახით და არა პროდუქტს, მაგრამ „გენიოსისგან“).

ჩვენ ვართ გენიოსები, რადგან ასე ვთვლით ყველა; ჩვენ გვაქვს ჯილდოები, ე.ი. ასე თვლიან მსაჯულები; ჩვენ გვყავს გულშემატკივრები და ასე თვლიან ისინიც. სინამდვილეში არაფერი არ ვართ და არაფერი არ გვაქვს. ყველაფერი სიცრუეა.

გაერთიანებული დეცეფტანტები დიდხანს ინარჩუნებენ ასეთ მდგომარეობას. ამას ორი მიზანი აქვს. პირველი: ისინი „გენიოსებად“ იქცნენ და ეს სტატუსი მუდმივად უნდა შეინარჩუნონ. მეორე და უმთავრესი: ხელმოცარულები სხვას, მას, ვისაც თამასის აწევა შეუძლია, სარბიელზე არ უშვებენ. ჭეშმარიტი ლიდერის გამოჩენა მათთვის დიდი საფრთხის შემცველია. ამიტომაც არის არტელად გაერთიანებულ ხელმოცარულთა გუნდი ამის წინააღმდეგი. მეთოდები არც თუ ახალია: სრული იგნორირება, არსად ხსენება ან ხსენება ნეგატიურ ჭრილში, ამ უკანასკნელის გააქტიურების შემთხვევაში კი ცილისწამება და ა.შ. შესაბამისად, ხშირად მომხდარა და ხდება ისე, რომ უკეთესს სხვა ასპარეზის ძიება უწევს ხოლმე, თუ ასეთი არსებობს. კიდევ ერთხელ მუშაობს უტყუარი ფორმულა - მეტი ამარცხებს ნაკლებს, ბევრი აუთსაიდერი ამარცხებს ჩემპიონს. ამ ფაქტის გაცნობიერების შემდეგ ჩნდება სასოწარმკვეთი კითხვა: არის გამოსავალი? შესაძლებელია სამართლიანობის აღდგენა? დიახ, არის და შესაძლებელია. როგორ? რის საფუძველზე უნდა აღიაროს პუბლიკამ, რომ საუკეთესოა მართლაც საუკეთესო? ვინ უნდა აიძულოს იგი? მხოლოდ მან, ნამდვილმა ჩემპიონმა, ხარისხის პერმანენტული გაუმჯობესებით და ყოველწამიერი მტკიცებით, რომ ის არის საუკეთესო. ოღონდ საქმით და არა სიტყვით, არა ხრიკებით, არა თამასის დაშვებით, არა არტელში გაერთიანებით და ფუჭი ჩინ-მედლების მორგებით. მხოლოდ საქმით. და ბრძოლით. შესაძლოა მსხვერპლად შეწირვის ფასადაც. მეორეს მხრივ, თუ ამას ვერ შეძლებს, ალბათ არც ყოფილა საუკეთესო.