Showing posts with label ეკლესია. Show all posts
Showing posts with label ეკლესია. Show all posts

Sunday, January 15, 2017

ეკლესია, ნორმა, მიზანი

ალბათ სადაო არ არის, რომ ადამიანის უმთავრეს კითხვას ცხოვრების საზრისი წარმოადგენს. რისთვის ვცხოვრობთ? რატომ დავიბადეთ? თუ დავიბადეთ, რატომ ვკვდებით? და თუ ვკვდებით, რატომ დავიბადეთ? განსაკუთრებული სიმძაფრით ეგზისტენციალური კითხვები მე-20 საუკუნეში დაისვა. პასუხი არ იყო იმედისმომცემი. მე-20 საუკუნემ ადამიანს უთხრა, რომ ცხოვრებას აზრი არ აქვს. საუბარია გაბატონებულ ეგზისტენციალურ მიმართულებაზე, რომლისთვის ღმერთი არ არსებობდა. ასეთმა შეხედულებამ ადვილად მოიკიდა ფეხი. საპირწონედ რელიგიური შეხედულებები დადეს.

ერთი შეხედვით, რელიგიას უნდა ჰქონდეს ამ ფუნდამენტურ კითხვაზე მკაფიო და ნათელი პასუხი, თუმცა ღვთისმეტყველთა განმარტებები ბუნდოვანი და ორაზროვანია. ალბათ უმჯობესია თავად შევუდგეთ საკითხში გარკვევას.

ღმერთი (იგულისხმება ბიბლიური ღმერთი) ქმნის ადამიანს, ქმნის ისე, რომ მისგან ნებართვას არ იღებს, არც თვლის ამას საჭიროდ. ვინ არის ადამიანი ღმერთის შეხედულებით? არარა, მას არაფერს ეკითხებიან, ქმნიან, შემდეგ კი აკრძალვებისა და წყევლის ობიექტად აქცევენ. ღმერთს იგი არც შეუქმნია რაიმე აზრით, მან ის მხოლოდ შექმნა, პრინციპით „მოდი ვნახოთ, რა გამოვა“. ის გაერთო. ალბათ. ამიტომაც არ აყალიბებს სადმე მისთვის ცხოვრების საზრისს, მთავარს, რის შესაბამისად ცხოვრებაა შესაძლებელი.  არარას არაფერს ანიჭებენ. ადამიანი არის არარა და, შესაბამისად, მას ვერ ექნება ცხოვრების აზრი. ღმერთი ამის შესახებ არც ზრუნავს. ასეთია ბიბლიური ღმერთის შეხედულება.

ეს დოქტრინა ქაღალდზე არსებობდა და ბევრი არაფერი შეიცვლებოდა, კვლავ ქაღალდზე რომ დარჩენილიყო, მაგრამ ქრისტიანულმა ეკლესიამ ამ მოძღვრების ცხოვრებაში დამკვიდრებას დიდი ძალისხმევა შეალია და ეს ყოველივე ცხოვრების ნაწილი გახდა. ღმერთისმიერი უმიზნობა ღმერთთან ერთად გადავიდა ცხოვრებაში.

ღმერთის ქრისტიანულ გაგებას ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის ჩამოყალიბება მოყვა. შესაბამისად, მასვე ეკისრება ამ საკითხის განმარტება. თუ ეკლესიის ისტორიას გავადევნებთ თვალს, ვნახავთ, რომ არც ერთ ეტაპზე, არც ერთ ეპოქაში ეკლესიას არ ჩამოუყალიბებია ადამიანისთვის ცხოვრების საზრისი, გარდა ღმერთთან გადამისამართებისა, მაგრამ თუ ღმერთი ის არის, ვინც ბიბლიის მიხედვით შექმნა სამყარო, მან არაფერი იცის ამის. „სიყვარული ღმერთში“, „ღმერთთან მისვლა“, „სამოთხის მოპოვება“ და სხვა, როგორც ქვემოთ ვიხილავთ, მხოლოდ სიტყვათშეთანხმებები, მხოლოდ ლოზუნგებია, მათ რეალური ღირებულება არ გააჩნიათ.

როგორც ინსტიტუტმა, რომელმაც ადამიანთა დიდი რაოდენობის მართვა იკისრა, ეკლესიამ ზნეობრივი ნორმები ანუ კანონები ჩამოაყალიბა. „არა კაც კლა...“ მაგრამ ეს ნორმები ცხოვრების მიზნად არ გამოდგება, ისინი შიშველი კანონებია და, უკეთეს შემთხვევაში, ისინი შესაძლოა მხოლოდ ცხოვრების საშუალება იყოს. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ადამიანს მოუწოდო: „ირბინე!“ ვფიქრობ, ეჭვი არ უნდა შევიტანოთ იმაში, რომ ასეთი მოწოდება მორბენალთა რაოდენობას ვერ გაზრდის. ან მოუწოდეთ მუდმივ პატიმრობამისჯილ ადამიანს უცხო ენის სწავლა. რაოდენ დიდი ავტორიტეტიც არ უნდა აკეთებდეს ამას, პოტენციური ოთხი კედელი სრულად მოსპობს რაიმეს კეთების სურვილს ან მოთხოვნილებას. რატომ? მას არ ეცოდინება, რისთვის ისწავლოს უცხო ენა. „არა კაც კლა“ არის უმიზნო, მიზანგარეშე მოწოდება, ეს არის მხოლოდ „არა კაც კლა“. რისთვის არ კლა, ამას არავინ ამბობს. ეს ისეთივე კანონია, როგორც „მოკალი“ იქნებოდა. მან ვერ აღკვეთა სიკვდილი, რითიც გამოჩნდა კიდეც უმიზნო კანონის სრული არაეფექტურობა რეალური სასჯელის არარსებობის პირობებში. ამიტომ ის მოწოდებად დარჩა. ასევე, ვერც უმიზნო „მოკალი“ გამოიწვევდა ადამიანთა მოდგმის გადაშენებას, ისევე, როგორც ლოზუნგმა „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ ვერ გააერთიანა პროლეტარები, თუმცა მათი მიზანი მეტად მიწიერი და მატერიალური, ხელშესახები იყო. მეორეს მხრივ, მიზნობრივი „მოკალი“ მუშაობდა. აქ ალბათ, პირველ რიგში, გერმანელი ნაცისტები უნდა გავიხსენოთ.

იმავდროულად, „არა კაც კლას“ სახელმწიფოც ქადაგებს და მის განხორციელებაში უფრო ეფექტურია, რადგან მკვლელობა ისჯება (არც ის აყალიბებს მიზანს, მაგრამ შემოაქვს რეალური სასჯელი). ვინაიდან მიზნის უქონლობის გამოისობით ნორმები ანუ კანონები არ მუშაობდა, ეკლესიასაც მოუწია სასჯელის შემოტანა ჯოჯოხეთის სახით, მაგრამ ეს იყო დროსა და სივრცეში დაშორებული და არადამაჯერებელი სასჯელი. შესაძლოა ჯოჯოხეთით დაშინება ოდესღაც მართლაც ეფექტური იყო უკიდურესად დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანებთან მიმართებით, მაგრამ მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში, რადგან ვერავინ იხილა ვერც დასჯის პროცესი და ვერც დასჯილი.

ზოგადად, წესი (გნებავთ, კანონი ან ნორმა) მუშაობს, თუ მიზანი გაქვს; მუშაობს მაშინაც, თუ მიზანი არ გაქვს, მაგრამ სასჯელია რეალური. მოვაშოროთ სახელმწიფო კანონები და ვნახავთ, რომ ეკლესიის ზნეობრივი ნორმები არ იმუშავებს. (არავინ იფიქროს, თითქოს ამ სტრიქონების ავტორი ეტატიზმის მქადაგებელი იყოს. სახელმწიფო არანაკლებ ანტაგონისტურად არის განწყობილი ადამიანის მიმართ, მაგრამ ეს ცალკე მსჯელობის საგანია).

ეკლესიას რომ მიზანი ჩამოეყალიბებინა ადამიანისთვის, სასჯელი აღარ დასჭირდებოდა, რადგან მე მოგეცი შენ მიზანი, ხოლო თუ შენ უარს იტყვი მასზე, შენ კარგავ. ჯოჯოხეთი ნიშნავს, რომ მე გაძლევ მიზანს ჩემთვის და თუ შენ არ აირჩევ, მე ვკარგავ. ამიტომ გსჯი. ეკლესიას არაფერი აინტერესებს ადამიანისა. სამწუხაროდ.

ადამიანს ღმერთთან ჰქონდა ერთადერთი კითხვა: რისთვის ვცხოვრობ? გულწრფელ, რელიგიურ ადამიანს, ვისაც სწამდა, რომ ღმერთის მიერ იყო შექმნილი, ეს კითხვა ჰქონდა. ღმერთისგან პასუხი ვერ მიიღო, თუმცა ამას არ გამოუწვევია მისი რწმენის აღკვეთა. ხოლო რადგან ღმერთთან კავშირს ვერ დაამყარებდა, იმ ინსტიტუტს მიმართა, ვინც ისე წარმოდგებოდა, როგორც ღმერთსა და ადამიანს შორის შუამავალი, მედიატორი. ამის პასუხად ეკლესიამ იმის რეანიმირება მოახდინა, რაც სახარებებში გაკვრით იყო ნახსენები, მცირედ შეუცვალა სახე და ჯოჯოხეთის კვალდაკვალ მარადი ნეტარება ანუ სამოთხე მივიღეთ - დისტანციური, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ილუზია. მიზნის ნაცვლად ილუზია. ეს იყო პირველი და უმნიშვნელოვანესი წყალგამყოფი, სადემარკაციო ხაზი, გავლებული ეკლესიასა და ადამიანს შორის, რომელსაც ვერანაირი სქიზმი ვერ შეედრება. თუმცა, მიუხედავად ამისა, მარადი ნეტარების სტაფილოს საუკუნეების განმავლობისას ხრავდა ადამიანი. ის ბედნიერი იყო, ბედნიერი იყო ეკლესიაც. მაგრამ დრო იცვლებოდა.

კანონს („არა კაც კლა“) დაერთო მიზანი („სამოთხე“), მაგრამ მეტად მომზადებული ადამიანი მიხვდა იმას, რომ მიზანი ყალბი იყო. ამას მრავალმა ფაქტორმა შეუწყო ხელი, პირველ რიგში კი იმან, რომ  საუკუნეთა განმავლობაში ვერავინ ვნახეთ სამოთხე- ან ჯოჯოხეთგამოვლილი და ვერც ჩვენ ვიხილეთ რომელიმე. ადამიანის მიზანი იყო ყალბი, თორემ ეკლესიას იგი გააჩნდა. ეკლესიას სჭირდებოდა ადამიანი, მაგრამ მისი მხოლოდ არსებობა. ადამიანის პრობლემა და თავსატეხი ეკლესიას არ აინტერესებდა. მას ჩვენი რაოდენობა აინტერესებს, ჯამური რიცხვი. შენ უნდა იყო, ამბობს ეკლესია. სხვაგვარად ჩემი ძალაუფლება ვერ გავრცელდება. შენ უნდა იყო ქრისიტიანი. ეს მეორე მოთხოვნაა. თუ ქრისტიანი არ იქნები, ასევე ვერ გავრცელდება ჩემი ძალაუფლება. აკეთე რაც გინდა, ამბობს ეკლესია, მაგრამ უნდა იყო, და იყო ქრისტიანი. ამიტომაა, ორი რამ სძულს ეკლესიას ყველაზე მეტად - თვითმკვლელი და არაქრისტიანი. ორივე მისი მტერია - ერთი ყოფნას ეუბნება უარს, მეორე - რწმენას.

ადამიანის მიერ მიზნის კანონიერმა და საფუძვლიანმა მოთხოვნამ, ერთის მხრივ, და მიზნისა და სასჯელის ილუზორულობის გაცნობიერებამ, მეორეს მხრივ, ეკლესიას აქტიური ქმედებებისკენ უბიძგა. აქ უკვე ყველაფერი უკიდურესად ბანალურად იყო: ბუნებრივია, იყვნენ ადამიანები, ვინც უარს ამბობდა უმიზნო მორჩილებაზე (ზოგადად მორჩილებაზე რომ არაფერი ვთქვათ), და თან ჯოჯოხეთის საფრთხეს არ უშინდებოდა. შეიქმნა წინააღმდეგობა, რის ჩახშობასაც, როგორც ძალაუფლების მქონე და მისი შენარჩუნების მსურველი ყველა ერთეული (პიროვნება თუ ინსტიტუტი) ყველგან და ყოველთვის ძალის გამოყენებით ცდილობდა. ორიგინალურობით არც ეკლესია გამოირჩეოდა: ინკვიზიცია და აუტოდაფე, პაპის ბულები და index librorum prohibitorum ვგონებ საკმარისი მაგალითებია.

ეკლესიამ მიზანი ვერ ჩამოაყალიბა ადამიანისთვის, ხოლო არსებობა  უბრძანა (არსებობა და მორჩილება აქ იდენტური ცნებებია). ნებისმიერი იმპერია გავიხსენოთ, რომელშიც უამრავი მონა არსებობდა. ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ მონებს ინახავდნენ, მათ იმდენს აჭმევდნენ, რამდენიც სიცოცხლის შენარჩუნებისთვის იყო აუცილებელი. მისი სიცოცხლე ფასობდა. მონის ყოფნა საჭირო იყო. აუცილებელიც. მონის გარეშე არ არსებობს ბატონი. სწორედ მონად აქცია ეკლესიამ ადამიანი, მან იგი ნაგავსაყრელზე მოისროლა, სადაც ის უნდა არსებობდეს შრომასა და ტანჯვაში,  რათა ზედმეტის შესახებ არ იფიქროს. ის უნდა დაიტვირთოს. თუ ლუკმა-პურისთვის იბრძვი ყოველდღიურად, უფრო ამაღლებულის შესახებ ფიქრის რესურსი აღარ გრჩება, და დროთა განმავლობაში, როდესაც თაობიდან თაობამდე მხოლოდ ლუკმა-პურის მოპოვებით ხარ დაკავებული, სწორედ ეს ლუკმა-პური იქცევა ცხოვრების მიზნად. ეკლესია კი ამ ყოველივეს ხელს უწყობდა, პირველ რიგში, ცოდნის გავრცელების შეზღუდვით. ეკლესიამ ადამიანი ინტელექტუალუად გაძარცვა, აქცია იგი პირუტყვად, რომელიც მხოლოდ ძირითადი ინსტინქტების დაკმაყოფილებაზე ფიქრობს.

მაგრამ ყოველივეს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონდა. მიზეზები ყველასათვის ცნობილია და მათ ჩამოთვლას არ შევუდგები, მაგრამ ორი უმთავრესი მაინც უნდა ვახსენო: ადამიანის უდრეკი სწრაფვა ჭეშმარიტების დაუფლებისკენ და უსამართლობის ბუნებრივი სიძულვილი. მიზნისა და სასჯელის ილუზორულობამ ანუ არარსებობამ ადამიანს ეკლესიისგან თავისუფლება მიანიჭა, რისი ინიცირება ეკლესიამ თავად მოახდინა ისე, რომ ეს ვერ გააცნობიერა. ვინაიდან მიზანი ყალბია ანუ ის არ არსებობს, მე თავისუფალი ვარ.

თუ მიზანი არ არის და არც სასჯელი არსებობს, ყველაფერი დაშვებულია. არავინაა პასუხისმგებელი. თამაშის წესები არ გვაქვს. მე მხოლოდ ვცხოვრობ. მე არ ვიცი რისთვის ვცხოვრობ, შესაბამისად, შემიძლია მოვიქცე ისე, როგორც მომესურვება. Все дозволено. როდესაც მე კალათბურთს ვთამაშობ და მოგება მსურს, მე ვიცი თამაშის მიზანი. შესაბამისად, მე ვერ გავაკეთებ იმას, რომ ბურთს ფეხით შევეხო, რადგან ეს მიზნისკენ მიმავალ გზაზე შემაფერხებს. თუ ჩვენ მხოლოდ ვთამაშობთ, უმიზნოდ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს: ფეხითაც ვითამაშოთ, სილაც გავაწნათ ერთმანეთს, მეორე ბურთი მოვიტანოთ და ა.შ. ერთი სიტყვით, გავცდეთ კალათბურთის ფარგლებს. და ვერავინ მოგვთხოვს პასუხს. Harlem Globetrotters კარგი მაგალითია: ეს არაჩვეულებრივი სანახაობაა, მაგრამ ეს კალათბურთი აღარ არის. იგივე ხდება ცხოვრებაშიც: მე შემიძლია მოვკლა და შემიძლია არც მოვკლა. არც ერთ შემთხვევაში ჩემთვის ეკლესიურად არაფერი შეიცვლება. მე არც დავისჯები და არც ჯილდოს მივიღებ. ამიტომაც არის ალბათ, რომ ადამიანები თავად შეუდგნენ კანონების შექმნას. ხოლო თუ არაფერი შეიცვლება, რაღა საჭიროა მისი გათვალისწინება? მას არც მიზანი აქვს და არც ქმედითი კანონი. ამ გაგებით ეკლესიას ადამიანისთვის ნულოვანი მნიშვნელობა გააჩნია. ის არის არარა. ღმერთის მიერ ადამიანისთვის შემოკრული ალიყური ეკლესიას მოხვდა.

და განთავისუფლებულმა ადამიანმა თქვა: შენ მე მიზნის ფორმულირება ვერ მომიხერხე, ყავლგასული ილუზია აღარ მუშაობს, შენი შეზღუდვები კი ჩემზე არ მოქმედებს. შესაბამისად, შენ მე არ მჭირდები. მშვიდობით!


ეს გარდუვალი იყო. ეს ასე უნდა მომხდარიყო. ეს ასე მოხდა.

Wednesday, February 3, 2016

ეკუპაცია


ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაზე მრავალი დაწერილა და იწერება, განსაკუთრებით კი სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიისთვის გაწეულ მატერიალურ თუ არამატერიალურ დახმარება/შეღავათებზე. იგივეს გამეორებას არ ვეცდები, თუმცა, მეორეს მხრივ, წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს ანალიზს იმისა, თუ რისთვის ხდება ეს და რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ასეთმა ე.წ. დახმარებამ. ამისათვის კი შემაჯამებელი სახით მაინც მომიწევს ამ დახმარება/შეღავათების განხილვა, რადგან იმის გაცნობიერების გარეშე, თუ რა ხდება, ვერ მივაგნებთ სავარაუდო მიზნებსა და შედეგებს.
მაშ ასე, სახელმწიფოს მიერ სსამე-სთვის გაწეული პირდაპირი ფინანსირება 2013 წლისთვის 25 მილიონ ლარამდე გაიზარდა. სულ 2002-2015 წწ. სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის გაწეულმა პირდაპირმა ფინანსურმა დახმარებამ 200 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამას გარდა, ცალკე შემწეობის სახით არსებობს მუნიციპალიტეტების მიერ გაწეული ფინანსური შემწეობა, რაც იმავე პერიოდში 5 მლნ ლარს აჭარბებს. აქვე უნდა ვახსენოთ ფინანსირება სსამე-ს მფლობელობაში არსებული საწარმოებისა (ტელევიზია „ერთსულოვნება“ 2009 წელს დაფინანსებულია 300,000 ლარით); ასევე, აღსანიშნავია სახელმწიფო კონტრაქტები (შპს“აქვა გეო“-ს მოპოვებული აქვს 166 სამთავრობო კონტრაქტი საერთო ღირებულებით 200,000 ლარზე მეტი; წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის დარიალის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ფონდს - 2 მილიონზე მეტის კონტრაქტი); ტენდერები (2012 წლის შემდეგ იგივე „აქვა გეო“ გამარჯვებულია 26 ტენდერში 45-დან საერთო ღირებულებით 502,145 ლარი)[1]. აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ სსამე-ს საქმიანობა არ იბეგრება და მღვდელმსახურები განთავისუფლებულნი არიან სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან; სსამე-ზე არ ვრცელდება აუდიტისა და კონტროლინგის სამსახურების ხელისუფლება. ეს ერთადერთი ორგანიზაციია, რომელსაც სახელმწიფო მსგავს დახმარება/შეღავათებს უწევს.
კიდევ ერთი შემადგენელი, რომლის მიხედვით სსამე გამორჩეული სუბიექტია ქვეყანაში, საქართველოს მიწა გახლავთ. ეკლესია ფლობს ტერიტორიას, რომლის ფართობი 54 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტია. მეტი თვალსაჩინოებისთვის ეს არის ქალაქების ზუგდიდის, თელავის, გორის, ახალციხის, სიღნაღის, მცხეთისა და ამბროლაურის ერთად აღებულ ფართობზე მეტი. ამ ტერიტორიის უდიდესი ნაწილი სსამე-ს უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად (1 ლარი) გადაეცა.
ვფიქრობ, აღნიშნული ფაქტები საკმარისია იმის კონსტატირებისთვის, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება, რბილად რომ ვთქვათ, ეკლესიისადმი იყო და არის ლოიალური. სსამე, შეიძლება გადაჭარბების გარეშე ითქვას, რომ ფრიად ხელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფება. ცხადია, რომ სახელმწიფოს ასეთი ვითარება ხელს უნდა აძლევდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ასე ხელგაშლილი არ იქნებოდა. ამავეს ადასტურებს სრული იგნორირება კონკორდატისა, რომლის მე-11 მუხლის თანახმად სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ეკლესიისთვის XIX-XX საუკუნეებში მიყენებული მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე, რაც, ბუნებრივია, ამ ზიანის დაანგარიშების აუცილებლობას გულისხმობს. მსგავსი რამ არ მომხდარა და რეალურად მივიღეთ ვითარება, როდესაც სახელმწიფო ეკლესიის დოტაციას ახდენს. საინტერესოა, რა დამსახურებისთვის უწევს ასეთ შეღავათს და პერმანენტულად ზრდის ეკლესიის აქტივებს სეკულარული სახელმწიფო? რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს. ჩვენ მხოლოდ ანალიზი შეგვიძლია.
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ უფასო ყველი მხოლოდ ხაფანგშია, სახელმწიფო სანაცვლოდ კონკრეტულ, ხელშესახებ სარგებელს უნდა იღებდეს. თან ეს ისეთი რამ უნდა იყოს, რასაც თავად სახელმწიფო ვერ ან სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს. მეორეს მხრივ, ბუნებრივია კითხვა იმის შესახებ, თუ რა სამსახურის გაწევა შეუძლია ეკლესიას? როგორ შეეწევა ასეთი სტრუქტურა ქვეყნის აღმშენებლობას? მას არ შეუძლია ქვეყნის თავდაცვაში მონაწილეობის მიღება; არც საგარეო ურთიერთობების მოგვარება; არც დანაშაულის პრევენცია; არც ტექნოლოგიურ წინსვლაში მონაწილეობა; არც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; არც სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრისთვის ბრძოლა; არც... არც... არც...  მავანი იტყვის, რომ არ ვიცით, იქნებ ეკლესიას შეუძლია კიდეც ერთ-ერთი ან რამდენიმე ზემოჩამოთვლილი ან სხვა ფუნქციის შესრულება. მართალიც იქნება. არ ვიცით, შეუძლია თუ არა, რადგან მას ეს არასოდეს უცდია, ინეტერესიც არ გამოუხატავს. ისევ ისმის კითხვა: რისთვის? თავად სსამე-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს სახელმწიფოს სჭირდება. რა დანიშნულებით? ამას კი არ ან ვერ გვეუბნებიან. თუ გარკვეულ სოციალურ ჩართულობას არ ჩავთვლით (მიუსაფართა თავშესაფრები, ორიოდე უფასო საავადმყოფო), რაც სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ხელშესახებ აქტივად ნამდვილად ვერ ჩაითვლება, ერთადერთი, რაზეც სსამე-ს, მისი ბუნებიდან გამომდინარე, გავლენა აქვს და აქვს უკვე საუკუნეებია, ეს საზოგადოებრივი აზრია. იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის 85% ასე თუ ისე უკავშირებს საკუთარ თავს მართლმადიდებლურ ეკლესიას, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება ფრიად მნიშვნელოვან იარაღად წარმოდგება. რასაკვირველია, ეს 85% არაერთგვაროვანია და ეკლესიისადმი მისი ლოიალობის ხარისხიც განსხვავებულია, თუმცა ერთმნიშვნელოვნად მკვეთრად მეტია, ვიდრე ნებისმიერი ათეისტის თუ აგნოსტიკოსისა, ვისი ლოიალობაც ნულის ტოლად ან ნულთან მიახლოვებულად უნდა ჩავთვალოთ.
განვიხილოთ ის, თუ როგორ მოქმედებს სსამე, რაც დაგვეხმარება ნათლად დავინახოთ ის შემადგენლები, რომლებიც მას საქართველოს მოსახლეობაზე გავლენის მოპოვებაში ეხმარება. საინტერესოა, როგორც მისი ქმედებები (დამახასიათებელი ბიზნეს-კორპორაციებისთვის), ასევე მისთვის შექმნილი პირობები.
პირველი, რაც  სსამე-ს სტრატეგიულ ქმედებათა სიაში უნდა აღინიშნოს, ეკლესია-მონასტრების ჰიპერაქტიური მშენებლობაა. მიუხედავად იმისა, თუ რა ისტორიული მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ ადგილს, ეკლესია შენდება. შენდება აუზისა და სასტუმროს გვერდით, ქალაქის სკვერში, წართმეულ მიწაზე; შენდება კანონიერად და უკანონოდ; არ ენიჭება მნიშვნელობა იმას, თუ ვისი სულის მოსახსენებლად შენდება: ისტორიული პიროვნების, ომში დაღუპული გმირის თუ ბანდიტის; შენდება შემოწირული და საკუთარი სახსრებით. არც იმას ენიჭება მნიშვნელობა, ვის მიერ არის ეს სახსრები შემოწირული - მკვლელის, მკვლელის ნათესავის, ხაზინის ქურდის თუ მექრთამის; ეს ბიზნესია, ბიზნესში კი ფულის წარმომავლობას არ კითხულობენ. მეტი ეკლესია მეტ მრევლს ნიშნავს. ბიზნესის ტერმინოლოგიით: დიდია ფილიალთა ქსელი, მეტია მომხმარებელი. მიზანი კი სწორედ მეტი მომხმარებელია. სსამე-ს მფლობელობაში რამდენიმე ათასი ეკლესია და მონასტერია.
საქართველოს მოსახლეობის 85% ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც 3 მლნ ადამიანს აჭარბებს. ბუნებრივია, რომ ასეთი ოდენობის ადამიანთა „დამწყემსვას“ დიდი ოდენობით „მწყემსები“ სჭირდება. ოცდათხუთმეტზე მეტი სკოლა, გიმნაზია, ლიცეუმი და უნივერსიტეტი. „წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის სკოლა გიმნაზიიდან“ „ხიჭაურის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლამდე“. აი, კადრების სამჭედლო. აქედან გამოდიან დიაკვნები და მღვდლები, რომლებიც ერს მწყემსავენ. ბიზნესის ტერმინოლოგიით: ფილიალთა მენეჯერები.
საქართველოს კანონმდებლობით ეკლესია და რელიგია გამიჯნულია ერთმანეთისგან და სახელმწიფო ცნობს ეკლესიის დამოუკიდებლობას. მეორეს მხრივ, სხვა რელიგიურ ჯგუფებს  ოფიციალური სამართლებრივი სტატუსისა და საგადასახადო შეღავათების მისაღებად მთავრობასთან დარეგისტრირება შეუძლიათ არაკომერციული ორგანიზაციების ფორმით. სხვა სიტყვებით, მათ დარეგისტრირება შეუძლიათ, როგორც სამოქალაქო სამართლით განსაზღვრულ არაკომერციულ ორგანიზაციებს და არა როგორც რელიგიურ ჯგუფს. ამასთან ერთად, ასეთად დარეგისტრირების შემთხვევაშიც მათ არ უბრუნდებათ წარსულში ჩამორთმეული საკუთრება. ეს უთანასწორო სამართლებრივი მდგომარეობაა. იმავდროულად, პერმანენტული ხასიათისაა არამართლმადიდებლური რელიგიების ნეგატიური გაშუქება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ. სახელმწიფოს მიერ გაწეული ფინანსური დახმარების ადრესატიც, შესაბამისად, მხოლოდ სსამე-ა. სახეზეა ამ უკანასკნელისთვის შექმნილი სასათბურე პირობები, იგი კონკურენციის გარეთ არსებობს, ბიზნესის ენაზე ამას მონოპოლური მდგომარეობა ეწოდება. არსებობს ბუნებრივი მონოპოლიები, მაგალითად, „საქართველოს რკინიგზა“. იგი ასეთია, რადგან საქართველოში სხვა რკინიგზა არ გვაქვს. ასეთივეა „თელასი“, რადგან მხოლოდ ის ფლობს ელექტროენერგიის განაწილების საშუალებებს თბილისში. სსამე არ არის ბუნებრივი მონოპოლია, ასეთი პირობები მისთვის ხელოვნურად არის შექმნილი.
პროდუქტი. მაშ ასე, გვაქვს ქსელი, გვყავს მენეჯერები და გვყავს მომხმარებელი. მომხმარებელმა რაღაც უნდა შეიძინოს, სხვაგვარად ის მომხმარებელი არ არის. რა უნდა იყიდოს მან? საეკლესიო ატრიბუტიკას თუ არ ჩავთვლით, სსამე არაფერს აწარმოებს. მას ერთადერთი, საუკუნეებით გამოცდილი და შემოწმებული პროდუქტი აქვს, რომელიც დღესაც უტყუარად მუშაობს ჩვენნაირ საზოგადოებაში. ეს არის რწმენა. გნებავთ იმედი უწოდეთ. ამ შემთხვევაში ეს ერთი და იგივეა. დიახ, მან რწმენა უნდა იყიდოს! მართალია, მატერიალურად ეს მისთვის არაფერი ან თითქმის არაფერი ღირს, მაგრამ მენტალურად ასეთი ადამიანი ყველაფერს იხდის. მას აღარაფერი რჩება.
მარკეტინგული თვალსაზრისითაც სსამე-ს ხელთ უზარმაზარი არსენალია. ტელევიზია „ერთსულოვნება“, რადიო „ივერია“, კინოკომპანია, ბეჭდვითი მედია და ინტერნეტ პორტალები - ეს საქართველოს ეკლესიის ხელთ არსებული მარკეტინგული იარაღებია, რისი მსგავსით მრავალი კომპანია ვერ დაიკვეხნის.
არანაკლებ საინტერესოა განსახილველი სუბიექტის სათაო ოფისის ორგანიზაციული სტრუქტურა. გარდა საპატრიარქოს ადმინისტრაციისა, რომელშიც შედიან ქორეპისკოპოსები, მდივანი, მდივან-რეფერენტი, პრეს-ცენტრი და კანცელარია, იგი მოიცავს 37 ერთეულს, რომელთა შორისაა საგარეო საქმეთა განყოფილება, საღმრთისმსახურო წიგნების რედაქტირების კომისია, საფინანსო ეკონომიკური საბჭო, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი, იურიდიული სამსახური, ბუღალტერია, სატრანსპორტო განყოფილება და თქვენ წარმოიდგინეთ, კომენდანტიც კი. სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. სსამე-ს მართავს წმინდა სინოდი, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელმძღვანელობს. ყველა წარმატებულ ბიზნეს კომპანიას მეტ-ნაკლებად მიახლოვებული სტრუქტურა გააჩნია: CEO [პატრიარქი] ან გენერალური დირექტორი, დირექტორთა საბჭო [სინოდი] და დეპარტამენტები.
როგორც ვხედავთ, საკმაო საფუძველი გაგავაჩნია განვაცხადოთ, რომ სსამე ბიზნეს სტრუქტურაზე მორგებულ მიდგომას იყენებს. შესაბამისად, იგი შემოსავლის მიღებაზეა ორიენტირებული, მისი მიზანი შემოსავლის მიღებაა, ხოლო ვინაიდან შემოსავლის ძირითად წყაროს მისთვის სახელმწიფოს მხრიდან გაწეული სხვადასხვა სახის დახმარება/შეღავათები წარმოადგენს, ლოგიკური იქნება დავასკვნათ, რომ სსამე შემოსავალს (მის უდიდეს ნაწილს) მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება იქნება კმაყოფილი, ხელისუფლება კი იმ შემთხვევაში იქნება კმაყოფილი, როდესაც მოსახლეობა მის მიერ დეკლარირებულ გზას უპირობოდ მიიღებს. სახელმწიფოს მორჩილი, ინფორმაციანაკლული ელექტორატი სჭირდება, ის, ვისი ყურადღებაც საჭირო დროს სხვა რამისკენ არის მიპყრობილი. ამდენად, თუ სსამე ექსტენსიურად განვითარებას განაგრძობს, გაზრდის და მოახდენს მის მიერ შექმნილ მიმდევართა რაოდენობის დემონსტრირებას, რომლებიც მისი გავლენის ქვეშ იქნებიან მოქცეულნი, იგი სარგებელს მიიღებს, რაც ფინანსურ დახმარებაში, საგადასახადო და სხვა სახის შეღავათებსა და პრაქტიკულად სრულ ხელშეუხებლობაში გამოიხატება.
 აი, აქ შეიკრა ჯადოსნური წრე. სსამე სწორედ ამას უზრუნველყოფს - მორჩილ მოსახლეობას! როგოც ზემოთ ვახსენეთ, მისი გავლენის ქვეშ სამ მილიონამდე ადამიანია. ეკლესიისთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ, რაც შეიძლება მეტი ადამიანის, მეორეს მხრივ კი, ასეთი ადამიანის მაქსიმალური ჩართულობა ეკლესიურ ცხოვრებაში. ეს არის მისი პური. მაგალითისათვის, სსამე მხოლოდ მამრობითი სქესის წმინდანებს წლის განმავლობაში 2300-ზე მეტჯერ ახსენებს (წყარო). ზოგს ორჯერ, ზოგს სამჯერ და მეტჯერაც. საეკლესიო კალენდარი გადატვირთულია. სსამე-ს სწორედ ეს სჭირდება, ის ზრუნავს შექმნას ისეთი ადამიანი, ვისაც შიშის ზარი დაეცემა იმის წარმოდგენისას, რომ შეიძლება ვინმე გამორჩეს აღათოპო კრიტელის ხსენების დღიდან (05.01) ღირსი ევარესტო სტუდიელის ხსენების დღემდე (08.01). ეს არის ეკლესიისთვის იდეალური მრევლი - ყველა დღესასწაულს რომ აღნიშნავს: დეგენერირებული, მორჩილი და უპერსპექტივო მორწმუნე.
ასეთი მორჩილების უზრუნველსაყოფად სსამე მრავალფეროვან და აგრესიულ ხერხებს მიმართავს. ყველა კუთხეში ეკლესიის არსებობა ერთ მიზანს ემსახურება - ადამიანი უნდა გრძნობდეს მის ყოვლადმყოფობას, და ეს ადამიანი, რომლის ცნობიერება გაყალბებულია, ფიქრობს: „ასეა სწორი, რადგან სწორი რომ არ იყოს, ასე არ იქნებოდა“. სატელევიზიო მედიის მიერ ყოველდღიურად რომელიმე ახალი ტაძრის მშენებლობისთვის შესაწირის მოთხოვნაც ამას ემსახურება. სსამე საქართველოს ქონებასა და ადამიანთა გონებას ეპატრონება. არ უნდა არსებობდეს განსხვავებული აზრი. ქრისტეს ეკლესია, რომელიც შემწყნარებლობისა და მიმტევებლობის ნიმუში უნდა იყოს, ჯვრებითა და ხატებით ფიზიკურად უსწორდება განსხვავებულად მოაზროვნეს, იქნება ეს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი, ათეისტი, აგნოსტიკოსი თუ სხვა სარწმუნოების მიმდევარი, ერთი სიტყვით, ნებისმიერი, ვინც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს მისთვის. მცირე ხნის წინ ეკლესიის მიმდევრებმა სხვაგვარად მოაზროვნის სისხლიც კი დაღვარეს თბილისში, რადგან მათია ერთადერთი „ჭეშმარიტება“. ეს უნდა იცოდეს ყველამ და ამ ზღვარს იქეთ არავინ უნდა გავიდეს. მაშინ ყველაფერი „კარგად“ იქნება.
საქართველოს მიწის დასაკუთრება ყოველდღიურად, მეთოდურად ხდება, მიწისა, რომლის გამოყენება მორიგი ტაძრის აშენების ნაცვლად, სულ ცოტა, მოსავლის მისაღებად იქნებოდა შესაძლებელი.
სხვაგვარად მოაზროვნეთა დევნა, ეკლესიების ექსტენსიური მშენებლობა, საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო დაწესებულებათა რაოდენობის პერმანენტული ზრდა, მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა ეკლესიურ ცხოვრებაში, ზნეობის მხოლოდ მათთვის გასაგები კოდექსის დაწესება, კანონგარეთ არსებობა, დამორჩილება საუკუნო ნეტარების იმედის მიცემით - ეს ის იარაღებია, რომელსაც სსამე იყენებს მრევლის გონების დასაბინდად. საკმაო წარმატებითაც. მრევლი, რომლის ცნობიერებაზე ყოველდღიურად ძალადობენ, არწმუნებენ რა, რომ განათლება ცუდია და ეშმაკისგან მოდის, თავს აქნევს ამაზე; იგი თვალს ხუჭავს მღვდელმსახურთა უზნეობაზე და არ იღებს მათ მიმართ კრიტიკას; ეთანხმება, რომ ერთადერთი ჭეშმარიტება ეკლესიიდან მოდის; თანახმაა სსამე-ს არსებობაზე კანონზე მაღლა, როდესაც კანონი მხოლოდ სხვებისთვის არსებობს. მრევლი ანუ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიხარულით ხვდება ასეთ მდგომარეობას, მდგომარეობას, რომელსაც ყოველ ჯერზე მივიღებთ, როდესაც საზოგადოებრივად აქტიური ერთ-ერთი სუბიექტი მკვეთრად დიდ ძალაუფლებას მოიხვეჭს. ამ ყველაფერს შესაძლოა ერთადერთი სახელი ჰქონდეს - საქართველოს სრული მატერიალურ-ინტელექტუალური ეკუპაცია (ეკლესია + ოკუპაცია = ეკუპაცია).
ახლა კი წარმოვიდგინოთ რაიმე პროდუქტის, მაგალითად, საპნის მწარმოებელი კომპანია, პირობითად მას „მესსა“ ვუწოდოთ. ასევე დავუშვათ, რომ ბაზარზე არ არის სხვა სუბიექტი, ვისაც ანალოგიური პროდუქტი გააჩნია. ამასთან ერთად, „მესსა“-ს მაღაზია აქვს ყველა ქალაქსა და სოფელში, საპონზე მოთხოვნა კი, საუკუნეობრივი ჩვევიდან, სიდუხჭირიდან, ინფორმაციის ნაკლებობიდან  და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ინფორმაციის ანუ ცოდნის მიღების სურვილის უქონლობიდან გამომდინარე, ძალიან მაღალია. შესაბამისად, იგი  ყველა ოჯახს „სჭირდება“. გარდა ამისა, „მესსა“ ფლობს კომუნიკაციის საშუალებებს, რომელთა მეშვეობით გამუდმებით „ურეცხავს ტვინს“ მომხმარებელს საკუთარი პროდუქციის მაღალი ხარისხის შესახებ მტკიცებულებების მოტანით. იმასაც ამბობს, რომ საუკუნეებია ქართველები ამ საპონს მოიხმარენ და ვერ იქნება ქართველი, ვინც ამ საპონს არ იყენებს. მეტიც, არა მხოლოდ ხელ-პირის, არამედ სხეულის დასაბანადაც ის უნდა გამოიყენოს, თეთრეულის რეცხვისთვისაც, ჭურჭლის სარეცხადაც და იატაკის სახეხად. მონოპოლურ მდგომარეობაში ჩაყენებული სუბიექტი, რომელიც ვეებერთელა ქსელს ფლობს, აქვს მარკეტინგისა და კომუნიკაციის ყველა საშუალება, პროდუქტი, რომელზე მოთხოვნა ძალიან მაღალია და უზარმაზარი ფინანსური რესურსი, მარტივად ახერხებს ადამიანის ფოკუსირებას ამ კონკრეტულ პროდუქტზე და ქართველს ავიწყდება, რომ სხვა საპონიც არსებობს და ვეღარც იმას აცნობიერებს, რომ ადამიანი, მათ შორის ქართველი, ამ და სხვა საპნის გარეშეც საუკუნეების განმავლობაში  ჯანსაღად არსებობდა და კვლავაც შეძლებს არსებობას.
ზევით ეკლესიის საკუთრებაში არსებული მიწა ვახსენეთ. ამ ესსეის დაწყების შემდეგ სსამე-ს ხელთ არსებული მიწის ფართობი 1 მლნ კვადრატულ მეტრზე მეტით გაიზარდა.
ეკლესიის ქონება ყოველდღიურად მატულობს! ყოველდღიურად მატულობს მის კლანჭებში მოქცეულთა რიცხვი! ეკუპაცია გრძელდება!
სად შეიძლება აღმოვჩნდეთ? იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება ავტონომიურად ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოს მართვას და ამისათვის ეკლესიის ფუნდამენტური ჩართულობა ხდება აუცილებელი, სსამე-ს მხრიდან უნდა ველოდოთ გააქტიურებას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში მონაწილეობის მიმართულებით, რისი ნიშნებიც უკვე გვაქვს. ამას შესაძლოა ჰქონდეს პარლამენტში სსამე-სთვის გარკვეული რაოდენობის ადგილების გამოყოფის ან აღმასრულებელ სტრუქტურაში საკუთარი წარმომადგენლების დანიშვნის ან ხელისუფლებაზე არაფორმალური გავლენის სახე. რას თუ არა აღნიშნულ გავლენას უნდა მივაწეროთ „საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ“, რომელიც სსამე-ს სრულ დამოუკიდებლობას ანიჭებს განათლების საკითხებში? გვაქვს ორი კანონი: ერთი სსამე-ს და მეორე დანარჩენი საქართველოსთვის. ამის შემდეგ მივალთ საფეხურამდე, როდესაც მართლმადიდებლობის სწავლება სავალდებული გახდება სკოლებში, შემდეგ მისი კრიტიკა საკანონმდებლო დონეზე აიკრძალება. არსებული ტენდენციის შენარჩუნებით შედეგი პოლიციური კლერიკალიზმია!

შენიშვნა: ეს სტატია ასევე შეგიძლიათ იხილოთ "რადიო თავისუფლების" გვერდზე.